"საბა" 15 წლისაა - უნიკალური პროექტები, რომელმაც წიგნიერება აამაღლა და წიგნები ხელმისაწვდომი გახადა

"საბა" 15 წლისაა - უნიკალური პროექტები, რომელმაც წიგნიერება აამაღლა და წიგნები ხელმისაწვდომი გახადა

საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემია "საბა" 15-წლიან მოღვაწეობას აჯამებს. შემაჯამებელი ანგარიში საზოგადოებას 26 ივნისს "თიბისი გალერეაში" წარუდგინეს. შეგახსენებთ, "საბა" ორ პლატფორმას მოიცავს: ლიტერატურული პრემია და ელექტრონული წიგნების ინოვაციური ვებ-პლატფორმა.

ლიტერატურული პრემია "საბა" "თიბისი ბანკმა" 2003 წელს დააარსა. 15 წლის განმავლობაში "საბამ" 3 800 საკონკურსო წიგნი განიხილა და 127 პრემია გასცა, სულ 500 000 ლარის ოდენობით. პრემიის არსებობის მანძილზე, დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა ყოველწლიურად გამოცემული წიგნების რაოდენობა საქართველოში. ასევე, 4-ჯერ გაიზარდა საპრემიო ფონდი, რომელსაც "თიბისი ბანკი" გამარჯვებულებს გადასცემს.

2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი "საბა", რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებში წიგნის კითხვის საშუალებას იძლევა და ინოვაციური პლატფორმაა საკუთარი ელექტრონული ბიბლიოთეკის შესაქმნელად. saba.com.ge-ს 140 000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. "საბას" კატალოგში 4 000 ელექტრონული წიგნია - ქართული და უცხოური კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე ბესტსელერები, პროფესიული ლიტერატურა და სხვა.

2013-2016 წლებში "საბამ" საჩუქრად 500 000-ზე მეტი წიგნი გასცა. ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური სოციალურ-ლიტერატურული აქცია წიგნიერების ამაღლების და წიგნების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

რატი ამაღლობელი, პოეტი:

"15 წელი ჩვენს რეალობაში საკმაოდ ბევრია იმისთვის, რომ დადასტურდეს "საბას" სიცოცხლისუნარიანობა და მისი მნიშვნელობა, მაგრამ ეს პერიოდი ცოტაა იმისთვის რომ "საბას" ამხელა მწვერვალებისთვის და წარმატებისთვის მიეღწია. ის ყველა მწერლისა და მკითხველისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. არა თუ ყოველწლიური, არამედ ყოველდღიური, რადგან მას ორი პლატფორმა აქვს: ლიტერატურული პრემია "საბა" და წიგნების სახლი "საბა".

მიზანი იყო ის, რომ ჩვენ დინამიკაში მკითხველებამდე მიგვეტანა ის ლიტერატურული პროცესები, რომლებიც მანამდე არ იყო ასეთი საჯარო და ხელმისაწვდომი ადამიანებისათვის და ვფიქრობ, რომ "საბამ" ეს შეძლო. ის არის კატალიზატორი ლიტერატურული პროცესების გააქტიურებისა და მკითხველის მაქსიმალური ჩართულობისა" - ამბობს ამაღლობელი.

წლების მანძილზე, "საბამ" "თიბისი ბანკთან" ერთად უნიკალური პროექტები შექმნა, რამაც საზოგადოებას საშუალება მისცა უფრო მეტად წაიკითხონ წიგნი და აიმალონ განათლების დონე.

სხვადასხვა პროექტთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია "უფასო წიგნები მეტროში".

2015 წელს თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებს "საბამ" ინოვაციური და მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა - წიგნების უფასოდ გავრცელება დაიწყო. მათ ვისაც ანდროიდსა თუ სხვა ტიპის თანამედროზე ტექნოლოგიაზე ჰქონდა წვდომა შეძლო ელექტრონული წიგნები უფასოდ გადმოეწერა. კატალოგში შედიოდა ისეთი დიდი კლასიკოსი როგორიცაა, უილიამ შექსპირი, ასევე მსურველს საშუალება ჰქონდა "ვეფხისტყაოსანი" გადმოეწერა. ქართული კულტურული ძეგლის მსგავსი ტიპის პოპულარიზაცია უფრო სასურველს ხდის საზოგადოებაში წიგნების კითხვას.

"წიგნები მთაში"

2016 წელს უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე მთის კურორტებზეც გამოჩნდა. აქცია "იკითხე მთაში!" გუდაურისა და ბაკურიანის დამსვენებლებს თუ მაცხოვრებლებს ათობით ელექტრონული წიგნის უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებს.

"ქალაქი ბიბლიოთეკა"

თბილისში "საბას" ინიციატივით უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკების ყველაზე მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში, სკვერებში - თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილზე განთავსდა ელექტრონული ბიბლიოთეკები, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თავის სმარტფონში უფასოდ ჩამოტვირთოს "საბას" 300-მდე ელექტრონული და ხმოვანი წიგნი და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. "ქალაქი-ბიბლიოთეკა" თბილისის მერიის და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

"ხმოვანი წიგნები"

2016 წელს "საბამ" შექმნა ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც სრულადაა ადაპტირებული უსინათლო მომხმარებელზე. პროექტის ფარგლებში უსინათლო და მხედველობაშეზღუდული მკითხველები საჩუქრად იღებენ 400-მდე ხმოვან წიგნს. პროექტი ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი