დედაქალაქის მასშტაბით 70-მდე ავტოგასამართი სადგურის აღება იგეგმება. ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მუმლაძე ესაუბრა.
"გავაკეთეთ აღწერა და დავდეთ ინფორმაცია, რომ თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგური თავის დროზე წინდაუხედავად აშენდა და სატრანსპორტო ნაკადების მომატების შემთხვევაში, აქ პრობლემა შეიქმნებოდა.
მაგალითად, როცა გმირთა მოედნიდან ჩავდივართ სანაპიროზე, მარჯვენა მხარეს განლაგებულია რამდენიმე ობიექტი: რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, საბურავების სერვისცენტრი, "ლაგუნა ვერეს" მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია "ფრეგოს" ავტოგასამართი სადგური, რომელიც, ფაქტობრივად, კლდეშია აშენებული. ამ ობიექტებზე ავტომობილების შესვლა-გამოსვლა ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს. ასევე პრობლემურია და მოძრაობას აფერხებს იუსტიციის სახლის მახლობლად, ე.წ. მხატვრების გამოფენასთან მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართი სადგური; კახეთის გზატკეცილზე და აღმაშენებლის ხეივანშიც არის რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც ასევე ხელს უშლის ტრანსპორტის გადაადგილებას და სატრანსპორტო ნაკადების ზრდის შემთხვევაში, კიდევ მეტ პრობლემას შექმნის.
ჩვენ შევადგინეთ პრობლემური ავტოგასამართი სადგურების ნუსხა, ახლა გადაწყვეტილებაა მისაღები".