მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა, კანდიდატად წარდგენისას განაცხადა.
უდუმაშვილის და პარტიის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნიკა მელიას წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.
"თბილისელები დღეს ვართ ძალიან გაბრაზებული, რადგან დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი მიტოვებული, როგორც დღეს. არასდროს ასე უგულვებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების უფლება, როგორც დღეს, იმიტომ რომ არადროს ამდენი პრობლემა და მოუგვარებელი გამოწვევა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც დღეს. დღეს მეც, როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვარ გაბრაზებული და ამიტომაც ჩემი წარმდგენი, პირველ რიგში, თქვენ - გაბრაზებული თბილისელები ხართ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი
ჩვენს თბილისს დღეს ჰაერივით სჭირდება ცვლილებები. მოტივირებული, საქმიანი და წესიერი ადამიანები მართვაში და მე, როგორც ამ ქალაქის შვილს, მაქვს მიზანი და მოტივაცია, თბილისელების ცხოვრება გავხადო ღირსეული, როგორსაც ისინი იმსახურებენ.
მე შევძლებ დავარაცხო კორუფცია და ნეპოტიზმი ქალაქის მმართველობაში, არც ერთი მექრთამე და ნათესავი აღარ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. დასრულდება ჩინოვნიკების გამდიდრება თბილისელების ხარჯზე. კორუმპირებული მოსამართლეები და პროკურორები აღარ დაჯილდოვდებიან ქალაქის მიწებით. ასევე არ დავუშვებ პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმებას და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას. ყველა დაწინაურდება მხოლოდ კომპეტენციის ნიშნით", - განაცხადა უდუმაშვილმა.
მისი თქმით, დღეიდან მივა ყველგან, სადაც ხალხია.
"დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია მისმენდით სახლებში და იგებდით რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. მოვიდა დრო, მოვისმინო თქვენი აზრი. მოვისმინო თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში - ყველგან, სადაც ხართ, ყველგან, სადაც თბილისია. მოვიდა დრო მოვიდე თქვენთან და მოგისმინოთ, რათა გავიგო რა გიჭირთ, როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.