"ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალისკენ მიდის, შოუში ოთხი კონკურსანტია დარჩენილი: ოლიკო კობახიძე, სოფო გელოვანი, ირაკლი მაქაცარია და გიორგი ბახუტაშვილი. შესაბამისად, პროექტში ტემპერატურაც მატულობს, რაც ბუნებრივია, - მიზანი ერთია და მისთვის რამდენიმე ადამიანი ერთდროულად იბრძვის. თუ ვინ გაიმარჯვებს, ერთ თვეში გახდება ცნობილი, რასაც მაყურებელი თავისი აქტიურობით გამოავლენს.
შოუში ცნობილმა მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა ცეკვის საოცარი მონაცემები გამოავლინა, თუმცა მისი შრომისმოყვარეობაც დასაფასებელია, ფაქტია, რომ თავდაუზოგავად მუშაობს. AMBEBI.GE მას მორიგი ტურის წინ ესაუბრა.
- გიორგი, რას მოითხოვს კონკურსანტისგან ორი ცეკვის ერთად შესწავლა ასე მცირე დროში?
- სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, თითოეულ ხასიათზე ერთდროულად უნდა იფიქრო, რადგანაც ყოველი ცეკვა ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ფინალთან მიახლოება ამ ყველაფერს მეტად მოითხოვს... მოკლედ, ჩემს განწყობაში ჯერ არაფერი შეცვლილა, რადგან ჯერ არაფერი დამთავრებულა...
- მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, მეჩვენება, რომ არ დაღლილხარ...
- ვერ ვიტყვი, რომ არ ვიღლები, მაგრამ ის, რომ აღარ შემიძლია, ასეთი არაფერი ხდება, სასიამოვნო პროცესია. ის, რაც ენერგიას გაძლევს, ისევ აზარტია...
- რა მოლოდინი გაქვს?
- კარგის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი ღირსეულად მივიღო, როგორც წარმატება, ისე წარუმატებლობა, თუმცა მოლოდინი უმეტესად კარგის მაქვს. ამის საფუძველს მაყურებლის ასეთი აქტიურობა და ერთგულება მაძლევს. ის მართლა ძალიან აქტიური და ერთგულია. მთავარი ეს არის.
- როგორი მხარდაჭერა გაქვს ოჯახისგან და შენი პატარა შვილისგან, ბავშვისთვის ამ რთული რეჟიმის ფონზე თუ იცლი?
- რაც ამ შოუში ვარ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ შვილთან დიდი დრო გავატარო, მაგრამ არის ცხოვრებაში ეპიზოდები, როცა ენერგიის მთელი რესურსი, რაღაც საქმეს სჭირდება, ან პირიქით - ოჯახს. ახლა ის პერიოდია, როცა მთელი რესურსი საქმისკენ არის მიმართული, ამიტომ, ოჯახი მხარს მიჭერს. ბავშვს მოსწონს, როცა ჩემს პლაკატებს ხედავს...
- ცეკვაც ხომ არ დაიწყო უკვე?
- რაღაც ვიდეოებს უღებენ და მიგზავნიან, მაგრამ მე მისი ცეკვა გასაგები მიზეზით, რეალურად ჯერ არ მინახავს, რადგანაც სახლში არ ვარ ხოლმე.
- კონკურენტებზე რას გვეტყვი?
- ბევრი ადამიანი ერთი მიზნისკენ მივდივართ და რა თქმა უნდა, ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ მთავარი კონკურენტი მაინც ჩემი თავიაა... ჩვენს შორის ჯანსაღი განწყობაა. უბრალოდ, რაც უფრო ძლიერია კონკურენტი, უფრო მინდა, საკუთარ თავს მეტი ომი მოვუგო, - საინტერესო პროცესია.
- ჯულიანა, შენი პარტნიორი, მხარში სერიოზულად გიდგას. დავიჯერო არც ის იღლება?
- უბრალოდ ჩვენთვის არის გასაოცარი, თორემ ჯულისთვის ყოველდღიურობაა - ვარჯიში, ცეკვა და ა.შ. კი, პროფესიონალი მოცეკვავეებისთვის ეს ჩვეულებრივი რამ არის. თუ პატარა ტემპის შენელება შემნიშნა, მაშინვე მეუბნება - ამის დრო არ არის. ჩემი მოტივატორია, გარდა ამისა, მაგარი პარტნიორი, ასეთივე მეგობარი, როგორც პარკეტზე ცეკვისას, ისე დასაყრდენი ადამიანი, ფსიქოლოგი. მის სერიოზულ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ... მოკლედ, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება...
ლალი ფაცია
AMBEBI.GE