პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო, - ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს.
უწმინდესმა თორნიკე მამალაძეს შეხვედრაზე მისივე ინტერვიუ შეახსენა, სადაც უწმინდესის თქმით, დეკანოზის ძმა საუბრობს, რომ გიორგი მამალაძე პატრიარქთან რჩებოდა.
"ორშაბათის გაზეთში ვისი ინტერვიუა? იქ ითქვა, პატრიარქთან რჩებოდა ღამე მამა გიორგიო. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ. ჩემთან რჩება სამი ადამიანი. დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი. ყოველ დღე და ღამე, თქვენ იმას ამბობთ, რომ ღამე რჩებოდაო. კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა?", - მიმართა უწმინდესმა თორნიკე მამალაძეს.
პატრიარქის საპასუხოდ თორნიკე მამალაძემ მას განუმარტა, რომ მისი ნათქვამი ეხებოდა არა უწმინდესს, არამედ იმას, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დეკანოზს უწმინდესთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა.
მოისმინეთ ვრცლად: ილია II-სა და ბრალდებული დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრის ჩანაწერი ვრცელდება
"ხოდა, ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო, რაც თავში მოგადგება უნდა განსაჯო, გაანალიზო, პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო", -ბრძანა უწმინდესმა.
თორნიკე მამალაძემ მას გაუმეორა, რომ გაზეთში დაბეჭდილი ფოტოებით მხოლოდ იმის თქმა სურდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რაზეც შეხვედრის მონაწილე მეუფეებმა მას უთხრეს, რომ ფოტოს მესამე ადამიანი იღებდა, შესაბამისად, ამაში განსაკუთრებული არაფერია.
აღნიშნული დიალოგის საპასუხოდ მეუფე თეოდორემ (ჭუაძე) თორნიკე მამალაძეს მიმართა, რომ უწმინდესს ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა აქვს და პატრიარქი არავის არჩევს.
"ფრთხილად იყავით ინტერვიუებში თორნიკე, ისეთი რაღაც არ უნდა დაწეროთ ინტერვიუებში, რომ გამოვიდეს ეკლესიის დისკრედიტაცია. თუკი თქვენ ეკლესიის დისკრედიტაციაზე წახვალთ, ვიღაცები შეეცდებიან, რომ ჩვენს შორის გაფუჭდეს ურთიერთობა და სხვადასხვა მხარეს ვიდგეთ. ჩვენ ერთ მხარეს ვართ. ყველას გვინდა სიმართლის დადგენა. არავის გვინდა ტყუილად გამართლდეს ან ტყუილად გამტყუნდეს ადამიანი. ნურც ბრალს დავდებთ ასე ხელაღებით ნურავის, თუ არ გვაქვს გარკვეული საბუთები, შევეცადოთ, რომ სიმართლე ვიპოვოთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის სიმართლის პოვნა და ზედმეტი დისკრედიტაციის უფლებას ნუ მივცემთ ნურავის. ნურც ეკლესიას, ნურც იმ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი. საპატრიარქოში ჩვენ ვიკრიბებოდით, ყველა ერთად ვიყავით. მამა გიორგი ჩვენთან იყო, მაგრამ გამორჩეული არავინ ვიყავით, ყველანი ერთი ვიყავით უწმინდესთან. უწმინდესი იმით არ ასხვავებს, ვინ დაცვის წევრია და ა.შ. ნუ წარმოვაჩნეთ ზედმეტს ნურაფერს. ვიცნობდით, რა თქმა უნდა, მამა გიორგის, მაგრამ განსხვავებული არაფერი იყო", - განაცხადა მეუფე თეოდორემ.
ამასთან, თორნიკე მამალაძეს მიმართა მამა მიქაელ ბოტკოველმა და მოუწოდა, ეკლესიის და საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირების დისკრედიტაცია არ განახორციელოს.
"თორნიკე უკაცრავად, ყოველ დღე აკეთებთ განცხადებებს და ახდენთ საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირების დისკრედიტაციას, რომ თითქოს მეუფე იაკობი და ქალბატონი შორენა არიან დაინტერესებულნი, რომ მამა გიორგი დაეჭირათ და დაეკავებინათ. ეს არ არის ჩემო მეგობარო სიმართლე, მეორე - იაკობი არის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, რომელიც სარგებლობს მისი ნდობით, პატრიარქთან იმყოფებით და თქვენ ამბობდით, რომ პატრიარქმა არ იცის რაშია საქმეო, ხომ დარწმუნდით რომ ყველაფერი იცის? ხომ დარწმუნდით, რომ უწმინდესმა ყველაფერი იცის?", - განაცხადა ბოტკოველმა.
საუბარში ჩაერთო მეუფე იაკობი, რომელმაც თორნიკე მამალაძეს შეახსენა 50 მილიონ ლარზე გაკეთებული განცხადება.
"საბუთებით დაამტკიცებს მამა გიორგი, როცა პატრიარქს შეხვდება, ასე ჰაერზე არ საუბრობს ის", - უპასუხეს დეკანოზის ოჯახის წევრებმა მეუფე იაკობს.