ავტორი:

ქართველების მიერ შექმნილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება (+PHOTO)

ქართველების მიერ შექმნილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება (+PHOTO)

ბოლო წლებში, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" სულ უფრო მასშტაბურ და ამბიციურ პროექტებზე მუშაობს, ეს ეხება, როგორც სამხედრო, ისე სამეურნეო ტექნიკას. პროდუქცია, ეტაპობრივად, უცხო ქვეყანაშიც გადის...

როგორ მუშაობს ცენტრი, რა კონკრეტული პროექტები განახორციელა და რა გეგმები აქვს - ამის შესახებ, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში, გიგა ინაშვილი გვეუსაბრება:

- სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა", 2010 წელს რამდენიმე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და საწარმოო ობეიქტების ბაზაზე შეიქმნა. იქნებ უფრო ფართოდ გაგვაცნოთ ცენტრში შექმნილი მძიმე სამხედრო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღები?

- "დელტას" მიერ წარმოებული ცნობილი პროდუქტებია, მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა "დიდგორის" სხვადასხვა მოდიფიკაციები, მათ შორის საპატრულო ჯავშანმანქანა "დიდგორი-1". სადაზვერვო დიდგორი-2, მრავალფუნქციური დანიშნულების "დიდგორი-3", სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანანმანქანა, ინტეგრირებული ქსელების მანქანა, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ლაზიკა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RS-122, BRDM-2- ის მოდერნიზაციის პროგრამა, საინკასაციო დაჯავშნული ავტომანქანები, სპეციალური პროგრამით საინჟინრო-განაღმვითი სამუშაოებისთვის შეჯავშნული ბულდოზერები და სხვა.

დიდგორი-1

სერიულ წარმოებაში ათვისებულია 60. 82 და 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნები, დამუშავებულია და დამზადებულია 120 მმ-იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120, რომელიც ნავიგაციის დამიზნების და ცეცხლის მართვის თანამედროვე ციფრული სისტემით არის აღჭურვილი. ასევე, ვმუშაობთ, უპილოტო თვითმფრინავების და ვერტმფრენების მიმართულებითაც.

ქართული წარმოების ჯავშანჟილეტი

"დელტაში" სერიულ წარმოებაშია ჩაშვებული ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების რამდენიმე მოდიფიკაცია, მათ შორის საარმიო და სპეცდანიშნულების ე. წ. "ფლეით ქერიერები", რომლებიც ქართული ჯარის შეიარაღებაშია და აქტიურად გამოიყენება შეიარაღებულ ძალებში.

მუშაობა მიმდინარეობს ცეცხლსასროლი და მხარდამჭერი შეიარაღების მიმართულებითაც. მათ შორის არის, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი რპგ-7, ხელის ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი GNM-60.

ასევე, სხვადასხვა კალიბრის სნაიპერული შაშხანების, ავტომატური იარაღის და პისტოლეტების ექსპერიმენტული ნიმუშები. ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს სნაიპერული შაშხანების მიმართულებით. ტესტირებებისას, უახლესმა ქართულმა სნაიპერული შაშხანამ "სატევარმა", .338 კალიბრით, უმაღლეს შედეგები აჩვენა.

შეიძლება ითქვას, ძალზედ ამბიციური პროექტი იყო თანამედროვე ავტომატიზირებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც, რომელიც კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. სისტემის სირთულის მიუხედავად, "დელტას" სპეციალისტებმა ის უმოკლეს ვადებში დაამზადეს და დღეისათვის კახეთის რეგიონში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს 8-10 ჯერ ამცირებს, რაც ნიშნავს, რომ დასეტყვილი ფართობების და მიყენებული ეკონომიკური ზარალი მნიშვნელოვნად შემცირდა...

სეტყვისაწინააღმდეგო სისტემა მთელი კახეთის რეგიონის, 600 ათას ჰექტრამდე ფართობზე სეტყვისგან დაცვას ახორციელებს, თუმცა, სისტემის გამოყენება ხშირად შეზღუდულ პირობებში ხორციელდება, რადგან კახეთის საჰაერო სივრცე, გადატვირთულია საფრენი აპარატებით, რაც ხშირ შემთხვევაში, სეტყვისაწინააღმდეგო სისტემის გამოყენებას ზღუდავს.

ასევე დაგაინტერესებთ: პირველი ქართული მაყუჩიანი პისტოლეტი "მორიელი"

- რამდენ ქვეყანაში განხორციელდა "დელტას" მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია და რა გზას გადის ტექნიკა იარაღი რეალიზაციამდე?

- უცხოეთის ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებები კონფიდენციალური ინფორმაციაა და სხვადასხვა მიზეზების გამო, ამაზე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. თუმცა, საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რამდენიმე ათეული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა DIDGORI-მედევაკი, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთმა ქვეყანამ შეისყიდა... ამავდროულად, რამდენიმე ქვეყნისთვის თანამედროვე ციფრული ცეცხლის მართვის სისტემით აღჭურვილი დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულებისა და ყუმბარმტყორცნების მიწოდებაზეც ვმუშაობთ.

ავტომატიზირებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საექსპორტო სამხედრო ტექნიკა, რეალიზაციამდე, საკმაოდ ხანგრძლივ გზას გადის, რაც ამა თუ იმ ტექნიკის ნახაზების დონეზე პროექტირებით იწყება. შემდეგ ხდება პროდუქციის გარეგნული დიზაინის შერჩევა, რასაც გარკვეულწილად მარკეტინგულ გათვლებიც სჭირდება. შემდეგ ხდება, პროდუქტის საცდელი ეგზემპლიარის დამზადება და მისი სპეციფიური ტექნიკური გამოცდები, რომელიც სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში, რთულ რელიეფსა და მკაცრ მეტეოროლოგიურ პირობებში ტარდება. იცდება მისი კორპუსის მედეგობა, სხვადასხვა გადატვირთვების პირობებში და ა. შ...

- რა სახის რჩევებს, რეკომენდაციებსა და შენიშვნებს იღებთ უცხოელი სპეციალისტებისგან, რომლებთანაც ამ სფეროში, ალბათ გარკვეული სახის შეთანხმება გვაქვს?

- ეს ნაწილობრივ კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამა თუ იმ ტექნიკური სფეროს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპეციალისტებთან. აქვე დავსძენ, რომ "დელტაში" შემუშავებული და დამზადებული ტექნიკის და შეიარაღების შექმნისას მთლიანად ქართული, ადგილობრივი ინტელექტუალური რესურსები გამოიყენება.

მაყუჩიანი ნახევრად ავტომატური პისტოლეტი "მორიელი"

- რით განსხვავდება "დელტაში" შექმნილი სამხედრო ტექნიკა და იარაღი მოწინავე ქვეყნებში შექმნილ იმავე დანიშნულების ტექნიკას, შეიარაღებასა და აღჭურვილობისგან?

- "დელტაში" ამა თუ იმ სამხედრო დანიშნულების ნაკეთობის პროექტირებისა და შექმნის დროს, აუცილებლად ვითვალისწიმებთ იმ დროისთვის მსოფლიოში არსებულ ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს... ამიტომაც, ის უპირატესობა, რითაც "დელტას" მსოფლიო საიარაღო ბაზარზე კონკურენტუნარიან კომპანიად წარმოაჩენს, სწორედ ფასი-ხარისხის მაჩვენებელია. სიამოვნებით შეიძლება ვთქვათ, რომ თანამედროვე ქართული სამხედრო პროდუქცია მისი ტექნიკური მაჩვენებლებით და ხარისხით, მის უცხოურ ანალოგებს არათუ ჩამოუვარდება, ხშირ შემთხვევაში, აღემატება კიდეც.

- ამ ეტაპზე თუ მუშაობს ცენტრი ახალ პროექტზე და კონკრეტულად, რაზე?

- ამ ეტაპზე ტექნიკურ ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე ათეულ სხვადასხვა პროექტზე, თუმცა, დახურულ რეჟიმში, რომელთა შესახებ, ინფორმაციასაც საზოგადოება მათი დასრულების შემდეგ შეიტყობს.

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა

"რუსეთმა იცის, რომ მიგრანტთა ახალი ნაკადი თურქეთს და ევროპას ტვირთად დააწვება..." - საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა ღია სამხედრო დაპირისპირების ზღვარზეა

ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე, თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს