პროგრესი კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია. ახალი გამოგონებები და მოწყობილობები ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და ახალი ჰორიზონტების ძიებაში ეხმარება.
ყველაფრის მიუხედავად, პროგრესს ერთი უარყოფითი მხარე აქვს, რომელსაც ყურადღება ძალზე იშვიათად ექცევა. ტექნიკის განვითარება-სრულყოფასთან ერთად, ჩვენ, ადამიანები ნელ-ნელა უმუშევარნი ვრჩებით. ეს პროცესი ნელი, მაგრამ შეუქცევადია. სამუშაოს, რომლის შესრულებაც გასულ საუკუნეში 50-60 ადამიანს საჭიროებდა, დღეს უპრობლემოდ ასრულებს 10-12 ადამიანი.
მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ევროპა სამრეწველო რევოლუციამ მოიცვა. სხვადასხვა მანუფაქტურების მომრავლებამ, გამოსაშვები პროდუქციის რიცხოვნობისა და ხარისხის გაზრდის საჭიროებამ მწარმოებლებს რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგა. სხვადასხვა ცნობილი ინჟინერისა თუ გამომგონებლის შექმნილი მანქანები მუშაობას ნამდვილად ამარტივებს.
1810-იან წლებში ევროპაში რთული დრო იყო. იმპერატორი ნაპოლეონი ქვეყანას ქვეყანაზე იპყრობდა. სამხედრო უნიფორმების შეკერვისთვის, უზარმაზარ ფრანგულ არმიას დიდი მოცულობის ნაჭერი სჭირდებოდა. ქსოვილის დამზადების დაჩქარებისთვის ფრანგმა გამომგონებელმა ჟოზეფ მარი ჟაკარმა საქსოვი დაზგის ავტომატიზება გადაწყვიტა. მარტივი გადაწყვეტილებით ჟაკარმა რთული პროცესის ერთიანი მართვის სქემა შეიმუშავა.
ამისთვის მან მუყაოს ბარათების დასტა გამოიყენა. თითოეულ ბარათში გარკვეული კანონზომიერებით ნახვრეტები იყო გაკეთებული. დაზგაში კონკრეტული ბარათის ჩადებისას, მექანიკური მოწყობილობა ბარათში არსებულ ნახვრეტებში სპეციალურ მეტალის ღეროებს აძვრენდა. ამავდროულად, სპეციალური მექანიზმი შესაბამისი კანონზომიერებით ძაფების გადაადგილებას და ქსოვის პროცესს უზრუნველყოფდა. ფაქტობრივად, ეს პროგრამულად მართვადი მსოფლიოში პირველი დაზგა იყო.
ქსოვილის დამზადების პროცესის სიჩქარე წარმოუდგენელი სიდიდით გაიზარდა. ამასთანავე შესაძლებელი გახდა რთული სახის ქსოვის შესრულება. გახარებულმა ნაპოლეონმა ჟაკარს სიცოცხლის ბოლომდე 3000 ფრანკიანი პენსია დაუწესა. თუმცა იყვნენ უკმაყოფილოებიც.
ოსტატები, რომლებიც თავს ქსოვით ირჩენდნე უმუშევარნი დარჩნენ. ჟაკარის დაზგა სრულად ავტომატურად მუშაობდა. საჭირო იყო მხოლოდ ძაფის ახალი თოფების დამაგრება და დაზგისთვის ახალ-ახალი პერფობარათების "მიწოდება". განრისხებულმა ფრანგებმა გამომგონებლის პირველი ორი დაზგა დაამტვრიეს და დალეწეს. თუმცა ცალსახა იყო, რომ პროგრესის შეჩერება შეუჩერებელია. რამდენიმე წლის თავზე საფრანგეთში ჟაკარის 1000-ზე მეტი დაზგა ფუნქციონირებდა.
1950-იან წლებში გაჩენილმა ახალმა ტექნიკურმა მიმართულებამ - კიბერნეტიკამ, ავტომატიზებული სისტემებისა და რობოტების განვითარებას მორიგი ბიძგი მისცა. მსოფლიოში დაწყებულ სამრეწველო რობოტების ბუმში, ამერიკელებმა პირველობა მოიპოვეს. 1962 წლისთვის მათ ორი სამრეწველო რობოტი - "იუნიმეიტი" და "ვერსატრანი" ჰქონდათ.
პირველი "ჯენერალ მოტორსის" ქარხანაში გამოსცადეს. სამსხმელო უბანზე დამონტაჟებული მანქანის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. 24 სთ-ის განმავლობაში მომუშავე რობოტმა მძიმე და სახიფათო სამუშაოზე მუშების 3 ცვლა ჩაანაცვლა. პირველივე შედარებითი ტესტისას ნათელი გახდა, რომ ადამიანმა მანქანასთან ბრძოლა წააგო. რობოტის მიერ საათში დამზადებული 135 დეტალიდან, წუნი 2% იყო. ადამიანის შრომა წარმოებისთვის უფრო წამგებიანი აღმოჩნდა - საათში დამზადებული 108 დეტალიდან 20% უვარგისი აღმოჩნდა.
უკვე 1970-იანი წლების ბოლოს ავტომრეწველობაში რობოტებმა ფეხი მყარად მოიკიდეს. ავტოგანტების საამქროებში მუშების ადგილი რობოტებმა დაიკავეს. ხალხი სამუშაო ადგილების გარეშე რჩებოდა. თუმცა კომპანიების მფლობელებს ეს ნაკლებად ანაღვლებდათ. წარმადობასთან ერთად გაიზარდა ხარისხის მაჩვენებელი, აწყობის სიზუსტე, შემცირდა წუნის მოცულობა - ბიზნესმენებისთვის კი ეს მთავარია.
დღეს თითქმის ნებისმიერ მსხვილ ავტოქარხანაში, უშუალოდ აწყობის პროცესში ადამიანზე გაცილებით მეტი რობოტი მონაწილეობს.
რობოტექნიკას მედიცინაშიც იყენებენ. 1985 წელს ექიმებმა რობოტ Unimation Puma 200-ს თავის ტვინის ბიოფსიისას, ქირურგიული ნემსის მდებარეობის განსაზღვრა ანდეს. 1992 წელს ბრიტანულმა ProBot-მა პირველად ჩაატარა ოპერაცია წინამდებარე ჯირკვალზე. მედიცინაში ახალი - რობოტიზირებული პრაქტიკული ქირურგიის ხანა დაიწყო. 2000 წლიდან კომპანია Intuitive Surgical-ი ლაპარასკოპიული ოპერაციებისთვის რობოტებს Da Vinci სერიულად უშვებს.
ტექნოლოგიების გაზრდით გამოწვეულ უმუშევრობის ზრდის პროცესს - ტექნოლოგიური უმუშევრობა ქვია. ჩვენდა საუბედუროდ, ამ პრობლემის წიაშე კაცობრიობა ოდითგანვე იდგა. მაგალითად, ძველ რომში იმპერატორმა ვესპასიანემ კატეგორიული უარი თქვა ტექნიკური გამოგონების დანერგვაზე, რომელიც მძიმე ტვირთების ტრანსპორტირებას გააიაფებდა. იმპერატორის თქმით, "პურის ფულის შოვნის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მტვირთავსაც უნდა ჰქონდეს".
იმპერატორის მცდელობის მიუხედავად, პროგრესის შეჩერება შეუძლებელი იყო. შუა საუკუნეების ევროპაში, რენესანსის პერიდში უმუშევრობამ პიკს მიაღწია. ხელისუფალნი იძულებულნი გახდნენ ხელოვნურად შეეჩერებინათ პროგრესი. არსებობდა სპეციაური უწყებებიც - ჰილდიები, რომლებიც იჭერდნენ და ხშირად სიკვდილითაც სჯიდნენ ადამიანებს, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობდნენ.
ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ I-მა უილიამ ლის გამოგონებული საქსოვი დაზგის დაპატენტებაზე უარი უთხრა - "თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რამდენ ადამიანს დატოვებს თქვენი მანქანა სამუშაოს გარეშე?!"
დღეს ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურია. მანქანების განვითარება ყოველწლიურად ათასობით ადამიანს ტოვებს სამსახურის მიღმა. ამის ნათელი მაგალითია საცალო ვაჭრობის მაღაზიებში თვითმომსახურების სალაროების მოწყობა. ადამიანი-მოლარე აღარ არის საჭირო. ექსპერტების აზრით, უახლოესი 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში რეგულარული სამსახური პლანეტის მხოლოდ 20%-ს ექნება.
მაგალითად, უკვე დღეს, ევროკავშირის ქვეყნებში ყოველ 1 000 მომუშავე ადამიანზე 2 500-მდე მომუშავე რობოტი მოდის.
ნუკრი მგელაძე, AMBEBI.GE