პროფესიით მენეჯერი სალომე კოკუაშვილი, რომელიც დღეს სამსახიობო საქმიანობას ეწევა, არ აღიარებს, მაგრამ როგორც მივხვდი, შეყვარებულია. რა აბედნიერებს და რატომ უწოდებს საკუთარ თავს გამოუსწორებელ რომანტიკოსს? - ამ და სხვა კითხვებზე მსახიობმა გულახდილად გვიპასუხა.
- მამა კალათბურთელი იყო, დედა - ექიმი-კარდიოლოგია.
- დედმამიშვილები გყავს?
- არა, დედისერთა ვარ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მშობლები მანებივრებდნენ.
- პროფესიით მსახიობი არ ხარ, მაგრამ საზოგადოებამ გაგიცნო როგორც მსახიობი...
- მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დავამთავრე. დედას ხათრით ჩავაბარე ამ სპეციალობაზე. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა პროფესიით ვიმუშავე და ეს საქმე ცუდად ნამდვილად არ გამომდიოდა. თეატრალურ უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე, ჩავიჭერი, ყოველგვარი მომზადების გარეშე მივედი გამოცდაზე და შედეგმაც არ დააყოვნა. თურმე, გამოცდაზე შეკრული თმითა და მოკლე კაბით უნდა მივსულიყავი, მე კი შარვლითა და გაჩეჩილი თმით გამოვცხადდი და შესვლისთანავე პირველი შენიშვნა ამის გამო მომცეს. შემდეგ გავედი ეროვნულ გამოცდებზე და ზემოხსენებულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მიუხედავად ამისა, ჩემი ბავშვობის ოცნებაა ლოს-ანჯელესის კინოაკადემიაში სწავლა და ვიმედოვნებ, სურვილს ავიხდენ. ვიდრე საზოგადოება სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" მნახავდა და გამიცნობდა, მანამდე ვმუშაობდი "რუსთავი 2"-ში, სხვადასხვა სერიალზე. "ჩვენი ოფისის" ბოლო სეზონში მყუდროს მეგობარ "ბომჟ" გოგოს განვასახიერებდი. ჩემი პირველი სერიალი "მესამე თაობა" გახლდათ, რომელიც "პირველ არხზე" გადიოდა.
- ბავშვობაში ან თინეიჯერობის პერიოდში პრინცზე თუ გიოცნებია და როგორი იყო ის შენს წარმოსახვაში?
- მგონი, პრინცთან შეხვედრაზე არასდროს მიოცნებია. თუმცა, პრინცესობა კი მინდოდა და ამაზე ახლაც არ ვიტყოდი უარს (იღიმის).
- დაგვიხასიათე შენი თავი, როგორი ადამიანი ხარ?
- საკუთარ დადებით თვისებად შრომისმოყვარეობას მივიჩნევ. ისე, საშინლად მიამიტი და ჯიუტი ვარ, ამ თვისებებს ვერაფერი მოვუხერხე.
- ბევრი უარყოფითი თვისება გაქვს?
- კი, ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი... ჯიუტი და მიამიტი რომ გახლავართ, ეს უკვე გითხარი. ასევე, ზარმაცი ვარ, ძილი მიყვარს. კიდევ მექნება რაღაცები, მაგრამ ასე უცებ არ მახსენდება. დიდი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ თუ გავბრაზდი, ჯობს გამეცალოთ.
- მშობლები ყველაზე ხშირად, რის გამო გაძლევენ შენიშვნას?
- მადლობელი ვარ, რომ ისეთი გამზარდეს, როგორიც ვარ. სამწუხაროდ, მამა გარდამეცვალა. შენიშვნებს დედისგან ძირითადად, სახლში არეულობის გამო ვიღებდი... ახლა დიდი გოგო ვარ და შენიშვნებს აღარ, მაგრამ რჩევებს კი მაძლევს. უზომოდ ბედნიერი ვარ იმით, რომ მშობლები ყოველთვის მენდობოდნენ, არასდროს არაფერში მზღუდავდნენ.
- რჩევებს თუ ითვალისწინებდი? ერთსა და იმავე შენიშვნას იღებდი?
- ალბათ, ეს უფრო ბავშვობაში მჭირდებოდა. ახლა უკვე ვიცი, რომ დედა ცუდს არაფერს მირჩევს და თუკი მის რჩევას გავითვალისწინებ, ყველაფერი კარგად იქნება.
- ცხოვრებაში შენი დაუდევრობის გამო, ფეხი ხშირად წამოგიკრავს?
- ჩემი დაუდევრობის გამო, ბევრჯერ წამომიკრავს ფეხი... თუმცა, ეს ის "წამოკვრები" იყო, რომელიც შემდგომში გასწავლის, როგორ უნდა მოიქცე და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ გამეორდეს.
- ოდესმე, დეპრესიაში ყოფილხარ? რამ შეიძლება მიგიყვანოს ამ მდგომარეობამდე?
- ვაღიარებ, საკმაოდ დეპრესიული ვარ. თუმცა, ისეთ მდგომარეობამდე არასდროს მივდივარ, რომ საკუთარი თავის კონტროლი ვერ შევძლო.
- როგორი ხარ, როცა ბრაზდები?
- საერთოდ, იშვიათად ვბრაზდები. თუმცა, არავის ვურჩევ, წონასწორობა დამაკარგვინოს.
- ასეთ დროს რას აკეთებ?
- აფექტურ მდგომარეობაში მყოფი რას ვაკეთებ, არ მახსოვს. თუმცა, სიტყვაზე მენდეთ, ასეთ დროს კარგი არაფერი ხდება (იცინის).
- წყენის გულში ჩადება გჩვევია?
- სხვათა შორის, არა, მაგრამ ვფიქრობ, ტკენასაც გააჩნია. არის რაღაცები, რასაც ადამიანს ვერ აპატიებ და არის წყენაც, რომელსაც ვერ დაივიწყებ. რაც მთავარია, ბოღმის გულში ჩადება არ ვიცი და არც სამაგიეროს გადახდაზე ვფიქრობ ხოლმე... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე