ახალი დეტალები ოსორაულის საქმეში - ქართველი ტყვეს გაცვლას სამხედრო დამნაშავეში ითხოვენ?!

ახალი დეტალები ოსორაულის საქმეში - ქართველი ტყვეს გაცვლას სამხედრო დამნაშავეში ითხოვენ?!

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის მეგობრები ჩვენთან საუბარში ისევ გადაჭრით აცხადებენ, რომ სოსო ცოცხალია, თუმცა, მეამბოხეებმა მას კიდევ ერთხელ შეუცვალეს ადგილი. აი, რა უამბო AMBEBI.GE-ს ოსორაულის მეგობარმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გვთხოვა:

"მეამბოხეების საკმაოდ დიდი ნაწილი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებიდან წასული მებრძოლები, გაწვრთნილი და განათლებული სამხედროები არიან, რომლებიც ხელისუფლებას აუჯანყდნენ და არა ტერორისტები, თუმცა, მათ ჯგუფებში რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც შორს არის განათლებისგან... მათ თითქმის მუდმივი ურთიერთობა აქვთ აქ დარჩენილებთან. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სოსოს დაღუპვის შესახებ, თუნდაც მათგან გავიგებდით... ბოლო ინფორმაციით, ის რუანდადან უგანდაში ჰყავთ გადაყვანილი. თუმცა, მას როგორც ტიპურ ტყვეს არ ექცევიან, ანუ არ ჰყავთ ბორკილებით და ორმოში, როგორც ამას სხვა ტყვეების შემთხვევაში აკეთებენ. ვიცით, რომ რუანდაში ყოფნისას, მას ბანაკში თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა" - ამბობს სოსოს მეგობარი, რომლის თქმითაც, ადრეულ წლებში, ასეთ საკითხებს ამბოხებულები და ხელისუფლება ერთმანეთში აგვარებდნენ, თუმცა, ბოლო დროს, მათ მეთოდები შეცვალეს.

მისივე თქმით, კონგოში მუდმივად ომია და საბრძოლო მოქმედებები ხან ჩაწყნარდება, ხანაც გააქტიურდება. ახლა იქ ეს პროცესები გააქტიურებულია. ერთ-ერთი ვერსიით, "23 მარტის ამბოხებულები" ოსორაულის სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ, შემდეგ მათი რამდენიმე თანამებრძოლის გათავისუფლებას, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ტყვედ ჰყავდა.

ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, გავრცელებული ვერსიით, აჯანყებულები ერთ-ერთი ლიდერის, გენერალი ბოსკო ნტაგანდას გათავისუფლებას ითხოვენ. გენერალი, ზედმეტსახელად "ტერმინატორი", 2013 წელს რუანდის დედაქალაქ კიგალში არსებულ ამერიკის საელჩოში საკუთარი ნებით მივიდა და ჩაბარდა. მის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მძიმე დანაშაულის ბრალდებით, მათ შორის, აჯანყების, მასობრივი მკვლელობის, ასევე ქალებისა და ბავშვების გაუპატიურების მუხლით არის აღძრული, რომელიც მან აღმოსავლეთ კონგოში, 2002-2003 წლებში ჩაიდინა და მის საქმეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო უკვე რამდენიმე წელია განიხილავს.

დანაშაულებს თავად ნტაგანდა უარყოფს და ჰააგას სამართლიან სასამართლოსა და პატიმრობის მოხსნის თხოვნით მიმართავს, რადგან აცხადებს, რომ ეს ბრალდებები შეთითხნილია და ამის დამამტკიცებელი არგუმენტი არ არსებობს. თუმცა, გაეროს მონაცემებით, მისი დაჯგუფების წევრებმა 300 ათასამდე ადამიანი დახოცეს.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნტაგანდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და მის დაქვემდებარებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო დაჯგუფება იყო, რომლებმაც შემდეგ სწორედ "23 მარტის ამბოხებულთა" დაჯგუფებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. საქმე ის არის, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის მამა ადგილობრივ მოსახლეობას რეფორმებს, ეკონომიკის განვითარებას და ზოგადად, ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას პირდებოდა, რაც ვერ შეძლო. შედეგად, სამხედროები აჯანყდნენ და მათ მომხრეები მშვიდობიან მოსახლეობაშიც გამოუჩნდათ.

აფრიკაში მყოფი ქართველი სამხედრო ტყვეს მეგობრის თქმით, განსაკუთრებით დიდი დავა მოჰყვა ჩრდილოეთ კივუში მიწის დაკანონებას. ეს ადგილობრივებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან იქვე მდებარეობს ტბა კივუ, რომლის გარშემო დავა უკვე წლებია მიმდინარეობს - ტბის ფსკერი და მიმდებარე ტერიტორია მდიდარია წიაღისეულით... ამ ტერიტორიის დასაკუთრების მცდელობას ათასობით ადგილობრივი სისოცოცხლე შეეწირა და ამ ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა "ტერმინატორიც", რომელიც თუტსის ხალხთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო ომებში.

კითხვაზე, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც ამ მეამბოხეების ტყვეობიდან ვინმე გაეთავისუფლებინათ, ჩვენი რესპონდენტი პასუხობს, რომ ყოფილა. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს "წითელი ჯვარი", რომელსაც ძირითადად, სამშვიდობო მისია აქვს, თუმცა, ადგილობრივები არ ენდობიან გაერო-ს. "ადრე, რამდენიმე წლის წინაც იყო შემთხვევა, როდესაც მათ წითელი ჯვრის წარმომადგენლები აიყვანეს, ჯერ დააყაჩაღეს და შემდეგ ტყვედ წაიყვანეს. მათ გამოხსნას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა გამოიხსნეს..." - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

იხილეთ ვიდეო

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე