შარტავას ქუჩაზე და ჟვანიას მოედანზე დილიდან საცობია. ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია. აღნიშნულის მიზეზი პეკინის გამზირზე გზის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაა.
გუშინ ღამით რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა.
მოძრაობა შეიზღუდა და ცალმხრივი გახდა როგორც პეკინის გამზირზე, ისე შარტავას ქუჩაზე.
რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობას, რეაბილიტაციის პერიოდში მოძრაობა ცალმხრივი იქნება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით; 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით; კანდელაკის ქუჩაზე ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ; ჭაბუკიანის ქუჩაზე სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით; ტაშკენტის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით; იოსებიძისა და ცაგერის ქუჩებზე პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩისკენ; ანა კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით.
დროებითი სქემიდან გამომდინარე, ზურაბ ჟვანიას მოედნიდან პეკინის ქუჩაზე მიმავალი ავტომანქანები შეუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და პეკინის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდებიან. კანდელაკის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩასვლა შესაძლებელი იქნება იონა ვაკელის ქუჩის გავლით.
შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნის გავლით კანდელაკის ქუჩაზე შეხვევა შეიზღუდება. ამ შემთხვევაში, კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩებისკენ ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით.
პეკინიდან კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად 26 მაისის მოედანზე დაშვებული იქნება მარცხნივ მობრუნება.