"მშობლები და ერთადერთი და დავკარგე... ბევრი ტკივილი გადავიტანე..." - როგორ მოხვდა სერიალში "კრიმხილდა" და როგორია კადრს მიღმა

"მშობლები და ერთადერთი და დავკარგე... ბევრი ტკივილი გადავიტანე..." - როგორ მოხვდა სერიალში "კრიმხილდა" და როგორია კადრს მიღმა

მას მერე, რაც გრიშა კაკაჩიას ("ჩცდ") სავარაუდო მემკვიდრე გამოუჩნდა, კაკაჩიების დიდ ოჯახში სერიოზული მოუსვენრობაა, თემურ-თუთა ძიგუაში გრიშას უახლოესი ადამიანები პოტენციურ თაღლითს ხედავენ, რომელიც ბიზნესმენის ქონების დაპატრონებას ცდილობს, რასაც ნათესაობა ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით აქტიურობს ბიძაშვილი, ნორა გაბისკირიას ქალიშვილი, კრიმხილდა კაკაჩია, მშობლიური ნოჯიხევიც კი მიატოვა, თბილისში გრიშას სახლში ჩამოუჯდა და გასაქანს არ აძლევს.

ამ პერსონაჟის მიმართ სოციალურ ქსელში საოცარი გამოხმაურებაა: "საშინელი ქალი", "მოაცილეთ სერიალიდან", "რამდენს ბედავს," "გრიშას როგორ აბრაზებს?" და ა.შ.

ეს კომენტარები იმაზე მეტყველებს, რომ მსახიობმა ნანა კუხალეიშვილმა კრიმხილდას როლი შესანიშნავად შექმნა, ოღონდ, საკუთარი პერსონაჟის სახელი ცოტათი კი ზარავს, არადა, სწორედ მან მოუტანა ის პოპულარობა, ხალხის სიყვარული და წარმოიდგინეთ, 20 წლის შემდეგ პირველი აპლოდისმენტებიც კი.

"პროფესიით მსახიობი ვარ, თეატრალური ინსტიტუტი, ლილი იოსელიანის ჯგუფი დავამთავრე, მარჯანიშვილის თეატრში სამი წელი ვიმუშავე, შემდეგ გავთხოვდი, დავოჯახდი და 20 წლის განმავლობაში თეატრისკენ არც გამიხედავს," - ამბობს ქალბატონი ნანა.

"თუმცა შიგადაშიგ სკოლებში ვმუშაობდი, უანგაროდ ვეხმარებოდი აბიტურიენტებს, რომლებიც თეატრალურ უნივერსიტეტში აბარებდნენ. ჩემი მომზადებულებიდან ერთ-ერთმა - კიაზო ჯობავამ სარეჟისოროც დაამთავრა და საკუთარი თეატრი "პროტესტი" შექმნა, ცოტა ხნის წინ კი, მეც იქ წამიყვანა, დახმარება მთხოვა, ახალგაზრდებს მსახიობის ოსტატობასა და მეტყველებაში ვეხმარები", - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.

- 20 წლის განმავლობაში რატომ და როგორ დასცილდით საკუთარ პროფესიას?

- ბავშვობიდან სცენაზე გავიზარდე, ამიტომ არავის ეგონა, რომ თეატრს ჩამოვშორდებოდი, მაგრამ ასე მოხდა, რასაც თავის მიზეზები აქვს: ბავშვებს დამოუკიდებლად ვზრდიდი და დამხმაარე არავინ მყავდა, მერე ისე მოხდა, რომ მშობლები და ერთადერთი და დავკარგე... ბევრი ტკივილი გადავიტანე...

იმის გამო, რომ თეატრს ასე დავშორდი, წარმოიდგინეთ, რომ 20 წლის განმავლობაში იქ ერთხელაც არ შევსულვარ. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ჩემი არცერთი მეგობრის სპექტაკლი არ მინახავს. რომელიმე თეატრთან თუ გავივლიდი, გული მიჩქარდებოდა, მერე იქაურობას სასწრაფოდ გვერდს ავუქცევდი და მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი...

წლების განმავლობაში, პერიოდულად ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრებოდა: ვიდექი სცენაზე და იმ როლს ვთამაშობდი, რომელიც ლილი იოსელიანთან მქონდა, მაგრამ უეცრად როლი მავიწყდებოდა და კულისებისკენ ვიხედებოდი, საიდანაც გაბრაზებული ქალბატონი ლილი მიყურებდა თავისი აწეული წარბით და ამის შემდეგ გაღვიძებაც კი ჩემთვის კოშმარი იყო, განვიცდიდი იმას, რომ პედაგოგს იმედები ვერ გავუმართლე...

- მოკლედ, თეატრზე უარი თქვით...

- კი, მეგობრებიც ნაწყენები იყვნენ, მეუბნებოდნენ, - როგორ შეიძლებოდა ასე დაკარგვა, არადა, ინსტიტუტი წარმატებით დავამთავრე და ჩემგან სწორედ სახლში ჩაჯდომა უკვირდათ...

- კრიმხილდას სახით ნამდვილი მეგრელი ქალის სახე შექმენით, თუმცა გვარი არ გაქვთ მეგრული...

- იმერული გვარია, ჩვენი წარმოშობა სოფელ კინჩხიდან (ხონის რაიონი) არის, თუმცა ბაბუაჩემის ბაბუა, წლების წინ, ზუგდიდში გადასახლდა და ჩვენი შტოც იქ გაიშალა. კუხალეიშვილები ზუგდიდის რაიონში ცხოვრობენ, წალენჯიხაშიც არიან, მაგრამ როდესაც გვარის შეკრების დღეებია ხოლმე, კინჩხაში მიდიან... რვა კლასი ზუგდიდში დავამთავრე, იქ გავიზარდე, შემდეგ ტექნიკუმი წითელ დიპლომზე დავასრულე და თეტარალურ ინსტიტუტში ჩავაბარე...

რაც შეეხება სერიალში ჩემს პერსონაჟს, საოცარი სახელი ჰქვია, ვერ ვიტან მის სახელს, ქუჩაში კრიმხილდას რომ მეძახიან, ვკდები...

- თუმცა, პოპულარობა მოგიტანათ...

- კი, რა თქმა უდა, მიყვარს ჩემი გმირი, კარგი სათამაშოა, სახასიათო სახეა. თუმცა სერიალის ფანები მას ვერ იტანენ, ინტერნეტში საშინელ რაღაცებს წერენ: "საიდან მოეთრიე?" "ცოდოა, გრიშა შენ ხელში," "რა საზიზღარი ქალია?" "ასეთი ნათესავი რად უნდა კაკაჩიას?". ზოგი სერიოზულად მეჩხუბება - ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა მომწერა: "დიდ პატივს გცემთ, ძალიან მომწონხართ როგორც მსახიობი და კიდევ კარგი გრიშას ადგილას არ ვარ, ნაღდად, გაგჩეჩავდით" (იცინის). ზოგადად კი, ქუჩაში ღიმილით მხვდებიან, თბილ სიტყვებს მეუბნებიან, თუმცა ზოგიერთი მეკითხება: მართლა ისეთი ხართ, როგორც სერიალში?

ქალბატონი ნანა სერიალში კი ასე მოხვდა: "ჩემმა ბიჭებმა "პროტესტიდან" ძალიან მთხოვეს, სცადე ბედი, იქნებ ამ სერიალში რაიმე როლი ითამაშოო. ადამიანის შეწუხებას ყოველთვის ვერიდები, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ, ავდექი და ეკა მჟავანაძეს, კასტინგის მენეჯერს მაინც მივწერე, თავი შევახსენე. მოკლედ, მოვიკრიბე მხნეობა და შევეხმიანე (მარჯანიშვილის თეატრიდან ერთმანეთს ვიცნობთ, თბილი და კარგი ურთიერთობა გვქონდა). ვთხოვე, თუ რამე როლი იყო, იქნებ ქასთინგზე დამიძახო, შანსი მომცე-მეთქი. გარკვეული დროის შემდეგ ეკა შემეხმიანა და მითხრა, მეგრული თუ იცი? მე ხომ მეგრელი ვარ, სამეგრელოდან-მეთქი. ჰოდა, როლს გამოგიგზავნი და ნახეო. მერე კი უკვე დამიბარა. რაც ჩავწერეთ, მოეწონა. ლიფონავასაც მოსწონებია. ბოლოს დამირეკა და მეგრული ინტონაციით მახარა: დაგამტკიცეს, გოგო! ისე გამიხარდა, ტელეფონში ბოლო ხმაზე შევძახე ისე, რომ ვეღარ მაჩერებდა. ამას ზუგდიდში გადაღებები მოჰყვა, ნორა გაბისკირიას დაკრძალვის სცენები დაიწყო, სადაც დაუვიწყარი ერთი კვირა გავატარე... გულით ხომ დავიტირეთ ნორა, ვკიოდით და ვწიოდით, მაგრამ იმ ყველაფრის მიღმა ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ".

- რას გვეტყვით თქვენს სცენიურ ბიძაშვილზე, გრიშა კაკაჩიაზე ანუ მსახიობ დათო კვირცხალიაზე?

- სერიალში ყველა მსახიობი კარგია, კარგად რომ თამაშობენ, ამიტომაც არის ამხელა რეიტინგი რომ აქვს, მაგრამ ვამბობ, რომ დათოს ფანი ვარ, გარდა მსახიობობისა, არაჩვეულებრივი ადამიანია. პირველივე სცენაში გრიშა რომ ამოგვივარდა დებს - ნორას კაბაზე რომ გვეჩხუბა, იმ შეტაკებიდან დაიწყო ჩვენი "შეტაკება". ჩემი როლი დიდად არ იყო მოაზრებული, უფრო ბრუნხილდა იყო წინა პლანზე, მაგრამ დათომ ხელი შემიწყო და მეც ჩემი ხასიათი გამოვიგონე. მოკლედ, დათო გვერდით საერთოდ არაფერზე ფიქრობ და ხვდები, რომ სასწაული პარტნიორია. მერე ლიფონასვასთან მუშაობა ცალკე სიამოვნებაა, აბსოლუტურ თავისუფლებას გაძლევს, როლში თევზივით დაცურავ... 

მოკლედ, 20 წლის შემდეგ პირველი სცენა სერიალში წარმატებული აღმოჩნდა და გადამღები ჯგუფის შეძახილები გავიგე და ტაში დამიკრეს...

მინდა, ჩემს ლამარაზეც (მარინა დარასელია) ვთქვა, თამაშისას იმდენად ლამარაა, რომ მისი ყურებით ლამის როლიდან ამომაგდოს, ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ მეცინება. არადა, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, დიდი ხნის მეგობრები ვართ... ნორას გასვენების დღეს ბრუნხილდას და მე, მეგრული წესის მიხედვით, თავშალი არ გვეფარა, რატომღაც ამას ყურადღება არ მივაქციეთ. მივდივართ, ვკივით და უკან მოგვყვება ლამარა და ისეთ დღეშია, ძლივს აკავებენ, თავზე მეგრულად წაუკრავს და სახე აქვს ისეთი, რომ დავინახე, კინაღამ მოვკვდი, ლამის გამეცინა და გავაფუჭე ის დუბლი... მოკლედ, გრიშასთან და ლამარასთან კომფორტია თამაში. ერთი წამით ვერ ვგრძნობ და ვხედავ კამერას, რეჟისორს...

- კრიმხილდას პერსონაჟი, რომ არ მოგატყუოთ, მეც მაღიზიანებს. თქვენ რას იტყვით, როგორი ქალია?

- მიმაჩნია, რომ ცუდი ქალია, ჩემთვის არაფრის მომცემი, მაგრამ ასე გადავწყვიტე: რადგან მე და გრიშა და-ძმა ვართ, ის დედაჩემის გაზრდილია და როგორც რეჟისორმა მითხრა, ბავშვობაში ერთად ერთი თეფშიდან ჭამდით და ერთად გეძინათ სამივეს და თამაშისას ეს უნდა გაითვალისწინოო, აქედან გამომინარე, ჩემში გაორება მოხდა. ერთი მხრივ გრიშა ჩემი ძმაა და ამიტომაც მაქვს შიში, რომ შეიძლება ვიღაცამ დააშანტაჟოს, მეორე მხრივ, შესაძლოა, ქონების დაპატრონების სურვილი აწვალებს და ყელანაირ რისკზე ამიტომაც მიდის. ეს ორი ვარიაცია რატომ გავაკეთე, - არ ვიცი, შემდეგში სცენარისტი რას გადაწყვეტს, რა გზით წამიყვანს. თუმცა მირჩევნია, პირველი გზით წავიდე, რომ გრიშასთვის ბევრი სასიკეთო რამ გავაკეთო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ და ჩემი ნება რომ იყოს, კრიმხილდას გავაპანღურებდი, საზიზღარი ქალია, მაგრამ რას ვიზამ, მიწევს მისი თამაში (იღიმება)...

- როგორ გაფასებთ 20 წლის შემდეგ თქვენი ოჯახი?

- ორი შვილი მყავს - ქალ-ვაჟი: 15 წლის გოგონა (ისიც მსახიობობს, სამომავლოდ რას იზამს, არ ვიცი) და 10 წლის ბიჭი... მეუღლე 6 თვეა, სამსახურებრივად უკრაინაში იმყოფება... ერთხელ გადაღებაზე შვილმა დამირეკა, - დედიკო, ბებია (ჩემი დედამთილი) მეუბნება, რამხელა ცოდვა გვაქვს, რომ იცოდე, როგორ არ შევუწყეთ ხელი ამ გოგოს, რომ თავის გზით წასულიყო, ეს საცოდაობააო... მოკლედ, ყველას უხარია, მგულშემატკივრობენ. ბავშვები კი ლამის ცაში დაფრინავენ...

როგორც ქალბატონი ნანა გვეუბნება, ის კიდევ ერთი დიდი პროექტისთვის ემზადება, რომელშიც საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე ცნობილი მსახიობები (პროექტის ავტორი ინგა სიორიძე), დაიდგმება მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები," რომელიც "არტ ჰოლში" გაიმართება, მას ვარდოს თამაში მოუწევს და ახლა ამისთვის ემზადება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება