წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ღელეების ადიდების შედეგად ეზოები წყლითაა დაფარული. სტიქიის ზონაში იმყოფებიან წალენჯიხის გამგებელი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი.
ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ადიდებულმა ღელეებმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, დაიმეწყრა შიდა გზა ქალაღალის ტერიტორიაზე. დაიტბორა სახნავ-სათესი მიწის ფართობები.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაზიანებულ უბნებში იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები.
შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას და შესაბამისად მოხდება ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებას სწავლობს.
უამინდობამ პრობლემები შეუქმნა მარტვილის რაიონსაც. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ ნაგვაზაოს მცხოვრებლებმა განუცხადეს, წვიმის შედეგად წყლის დონემ მოიმატა, რის გამოც 20-ზე მეტ ოჯახში წყალი პირველ სართულზე შევიდა, დატბორილია სახნავ-სათესი მიწები, განადგურებულია მოსავალი, დაიხრჩო წვრილფეხა საქონელი.
მეტეოროლოგები უამინდობის შენარჩუნებას დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში მთელი ღამის განმავლობაში პროგნოზირებენ.