21 აგვისტოს ქართველ მსმენელს უდიდესი სიურპრიზი ელოდება - ბევრისთვის საყვარელი მომღერალი ნინო ქათამაძე დაბადების დღეს "ბლექ სი არენას" სცენაზე ათასობით მაყურებელთან ერთად აღნიშნავს! მასშტაბური ღონისძიება "Happy Birthday" პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
ნინო ქათამაძესთან ერთად, "ბლექ სი არენას" სცენაზე სხვადასხვა კომპოზიციას შეასრულებენ ჯგუფი Insight, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, სპეციალური მოწვევით კი DJ Paul Trouble Anderson.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ "ბლექ სი არენას" დირექტორს ანი კავლელიშვილს ვესაუბრეთ:
"ბლექ სი არენას" სცენაზე ნინო ქათამაძის კონცერტი პირველად 21 აგვისტოს გაიმართება. ყველასთვის ცნობილია ნინოს შესრულების განსაკუთრებული სტილი, ის მსმენელს მუდმივად ახალ კომპოზიციებს სთავაზობს. მისი სიმღერების სხვადასხვა ინტერპრეტაციას ამჯერადაც მოისმენს ჩვენი სტუმრები და რაც მთავარია, ამ მასშტაბის კონცერტი ნინოს ჯერ საქართველოში არ გაუმართავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნინოსთან ერთად სხვა მომღერლებიც მიირებენ მონაწილეობას, ასევ გვყავს მოწვეული სტუმარი DJ Paul Trouble Anderson-ი.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული მუსიკა და ქართველი ხელოვანები კიდევ ერთხელ წარსდგებიან მსმენელის წინაშე და ქართულ მუსიკას შეასრულებენ. დასწრების მსურველთათვის შემიძლია ვთქვა, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთები საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება, ფასი 10 ლარიდან იწყება და 100 ლარამდეა. ეს მნიშვნელოვანია როგორც ტურისტების ასევე ადგილობრვი მოსახლეობის მოსაზიდად" - ამბობს ანი კავლელიშვილი.
ეკა გადახაბაძე
AMBEBI.GE