"იქს ფაქტორის" გუშინდელი ლაივ-შოუ მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. აუტსაიდერებში სტეფანეს გუნდის წევრის "mix2ra"-ს მოხვედრა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი აუტსაიდერებში მაგდა ვასაძესთან ერთად მოხვდნენ. საბოლოოდ, პროექტი სწორედ ამ უკანასკნელმა დატოვა.
მაგდა ვასაძე აუტსაიდერებში ზედიზედ მეორედ იდგა, ის პროექტის დატოვებას ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვარაუდობდა, სამწუხაროდ, ამჯერად ვარაუდი გაუმართლდა.
ჟიურის გადაწყვეტილებას პროექტში "mix2ra"-ს დატოვების შესახებ, შოუს მაყურებელი დადებითად შეხვდა. ისინი, ვინც ფიქრობდნენ, რომ მაგდა ვასაძე უკვე შემდგარი მომღერალია და სხვა კონკურსანტებთან შედარებით, უპირატესობები ჰქონდა, კომენტარებში აღფრთოვანებას გამოხატავენ:
"სამართლიანი გადაწყვეტილებაა"; "არ ვამბობ, რომ მაგდა ცუდი იყო, პირიქით იდეალურია, მაგრამ ახალბედებს უნდა მიეცეთ განვითარების შანსი, ყოჩაღ ჟიური"; "ყოჩაღ გაბუნია, შემიყვარდი"; "მიუხედავად იმისა, რომ მაგდა მაგარი მომღერალია ჟიურიმ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა კონკურსანტები თანაბარ მდგომარეობაში არიან, ამიტომ მიხარია, თან mix2ra ძალიან მაგარი ბენდია და წარმატებები მათ!" - წერენ კომენტარებში შოუს მაყურებლები.
AMBEBI.GE მაგდა ვასაძეს ესაუბრა:
- მაგდა, ელოდით პროექტის დატოვებას?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამ ლაივ-კონცერტზე ორჯერ ვიყავი აუტსაიდერი, გეტყვით, რომ ეს შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. არ მყავდა ისეთი ხალხი, ვინც დაჯდებოდა და მესიჯებს გამომიგზავნიდა. მაგრამ ეს პროექტი ადამიანის ზარზე არ არის დამოკიდებული. უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ აქ ეს მეტი არ გაკეთდებოდა.
- რას გულისხმობთ?
- ძირითადად პროდიუსერები წყვეტდნენ ყველაფერს, ოღონდ, რა საკვირველია ჩემთან შეთანხმებით. ბევრი ახალი რაღაცის გაკეთება შემეძლო, მაგალითად საერთოდ არ მინდოდა ბიონსეს სიმღერა შემესრულებინა, მაგრამ ასეთია პროექტის წესები. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე და დროც იყო უკვე პროექტი დამეტოვებინა.
პროექტში პირველივე ლაივზე არ გაუმართლა სტეფანე მღებრიშვილს. ის "იქს ფაქტორში" გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი ბენდით იბრძვის და გუშინ კონკურსანტის გარეშე დარჩენის საშიშროების წინ დადგა, თუმცა ამჯერად გაუმართლა.
გადაწყვეტილებით კმაყოფილია სტეფანე მღებრიშვილი. "mix2ra"-ს მენტორი ბენდთან ერთად გამარჯვებისთვის აგრძელებს ბრძოლას:
- სტეფანე, ელოდით აუტსაიდერებში თქვენი ბენდის მოხვედრას?
- არაპროგნოზირებადია კონკურსი, როცა აქ ხარ, თავს იმშვიდებ, თითქოს შენი კონკურსანტი არ გავარდება, მაგრამ მოულოდნელობებისთვისაც მზად ხარ. მე პირველივე კონცერტიდან ერთი ბენდით მოვდივარ პროექტში და შესაბამისად, გაორმაგებული ძალებით ვიბრძვი ჩემი ბენდის წარმატებისთვის.
- მაგდას გაგდებამ გული დაგწყვიტათ?
- რა თქმა უნდა, ის არის სუპერპროფესიონალი მომღერალი. ამოუწურავი შესაძლებლობებით, მჯერა რომ ის აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს დიდ სცენაზე.
გუშინდელი ლაივ-შოუს სმს-ლიდერი კვლავ სანდრო კურცხალიძე გახლდათ. ბათუმელი თინეიჯერი, მაყურებელთა რჩეული მეორედ გახდა.
- არ ველოდი ხალხის რჩეული მეორედ თუ გავხდებოდი, ეს ძალიან გამეხარდა. მე ყველაფერს ვაკეთებ პროექტში საკუთარი თავის ღირსეულად წარმოსაჩენად და დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს. გული დამწყდა მაგდაზე, მისი სახით "იქს ფაქტორს" წითელთმიანი ქალღმერთი მაგდუ დააკლდა.