როგორ იხსენებენ 13 ივნისს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვების გადარჩენას ცდილობდა...

როგორ იხსენებენ 13 ივნისს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვების გადარჩენას ცდილობდა...

2015 წლის 13 ივნისმა ქართული საზოგადოების ცნობიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა, არანაკლებ მძიმეა იმ ადამიანების მოგონება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად თავად მონაწილეობდნენ ხალხის გადარჩენაში...

გიორგი ნეფარიძე, საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს 1-ლი ასეულის პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი:

- 13 ივნისის ღამეს, წვიმის დაწყებასთან ერთად, გამოძახებების რაოდენობამ ერთბაშად იმატა. თავდაპირველად, ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან, რომელთაც წყალი ჩამოუვიდათ... შემდეგ, შეგვატყობინეს, - სვანიძის ქუჩაზე, დახმარება სჭირდებათო. იქ მძიმე ვითარება დაგვხდა, - წყალი ყოველ წუთს მატულობდა, მოსახლეობა, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები გარეთ იყვნენ გამოსული. პანიკაში იყვნენ. მათგან შევიტყვეთ, რომ სახლებშიც იყვნენ დარჩენილები... ამ დროს სამაშველო სამსახურებიც მოვიდნენ და ერთობლივად გადავწყვიტეთ, ნავებით შესვლა... მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაგვყავდა. მანქანები დაქოქილი და გათბობა ჩართული გვქონდა, პატარები რომ გაგვეთბო.

ის პატარა ბიჭი, ცნობილი კადრიდან, სამაშველო სამსახურმა ნავით გამოიყვანა. სველი და შეშინებული იყო. 3 წლამდე იქნებოდა.. სიცივისა და სტრესისგან აკანკალებული იყო. ქურთუკი მოვახურე, ბავშვურად აუჩუყდა გული და ჩამეხუტა... შემდეგ დედამისიც ვიპოვეთ და ორივე სასწრაფო დახმარების ბრიგადას გავატანეთ... როდესაც ყელამდე წყალში ხარ და გარშემო ადამიანები განსაცდელში არიან, მხოლოდ ერთი ფიქრი გიტრიალებს თავში, - გადაარჩინო! თანდათან წყლის დონემაც დაიწია... დილამდე იქ ვიყავით. წუთით არ შეგვისვენია... ადგილობრივები უკვე ეზოში იყვნენ გამოსულნი. ვინც არ ჩანდა, შემდეგ უკვე დაკარგულად ჩაითვალა...

მანუჩარ ინჯგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ლეიტენანტი:

- თბილისში მივლინებით მომიხდა ჩასვლა და სვანიძის ქუჩაზე, ბიძასთან სტუმრად ვიყავი. სახლში წასვლას ვაპირებდი, წვიმა რომ დაიწყო. ვიფიქრე, გადაიღებს, მერე წავალ-მეთქი... მერე ფანჯრიდან დავინახე, ხალხი ქუჩაში დარბოდა. გარეთ რომ გამოვედი, წყალი მუხლებამდე იყო და სწრაფად მატულობდა. რამდენიმე წუთში მოსახლეობას სახლებში შეუვარდა. ბავშვებისა და მოხუცების გამოყვანა დავიწყეთ. ახლაც თვალებში მიდგას, ორი სველი და შეშინებული ქალბატონი, მოხუცი და ბავშვი. შემდეგ დამფრთხალი გოგონაც შევნიშნე. სახლებში დარჩენილი ადამიანები ფარნებით გვანიშნებდა, რომ დატბორილ სახლში იყვნენ. ზოგი სახლის სახურავზე ავიდა. მათ გამოსვლა ვერ მოასწრეს, რადგან ეძინათ.... განსაკუთრებით ემოციური იყო, მოხუცი ქალის გადარჩენა, რომლის სახლიც წყლით იყო სავსე, ფანჯრები ჩავამტვრიეთ და ისე გამოვიყვანეთ. აღმოჩნდა, რომ სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც ყავდა დატოვებული და ის ორი ბავშვიც ამოვიყვანეთ. სამაშველო სამსახური რამდენიმე წუთში მოვიდა, ნავები მოიტანეს... იმხელა წყალი იყო, ახლაც არ ვიცი, როგორ გამოვიყვანე ისინი. მაშინ ცურვაც არ ვიცოდი. შემდეგ მითხრეს, სანამ სამაშველო და პოლიცია მოვიდოდა, 7 ადამიანის გადაარჩინეო. არც კი მახსოვდა... რამდენიმე დღის განმავლობაში მადლიერი ადამიანები მირეკავდნენ, - იმ ღამეს გადამარჩინეო... ეს გასაოცარი გრძნობაა...

ლევან კალაძე, მეხანძრე მაშველი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაღუპული ზურაბ მუზაშვილის მეწყვილე:

- დაახლოებით, ღამის 11 საათისთვის დაიწყო გამოძახებები, ზოგიერთი ისეთ რამეზე გვიძახებდა, როგორიც არის, "ჟოლობის" გაწმენდა, თუმცა, ვალდებული ვართ, ყველგან მივიდეთ და მივდიოდით, არადა, ასეთ რამეებს დრო მიჰქონდა და სხვები უკმაყოფილო იყვნენ... სტიქიის ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე მივედით, წყალი არც ისე მაღალი იყო, მაგრამ ძალიან სწრაფად მატულობდა. მოსახლეობა გავაფრთხილეთ, სახლები დაეტოვებინათ. ყველაფერი წამებში ხდებოდა... ქუჩაში საცობი იყო. მანქანაში შუახნის ქალი და მამაკაცი შევამჩნიეთ, რომლებიც გადმოსვლას ვერ ახერხებდნენ. მე და ზურამ ქალბატონი გადმოვიყვანეთ. მანქანაში დარჩენილი მამაკაცი გვთხოვდა, - მეორე მხრიდან მოდით, ხერხემლის დისკოზი მაქვს და მანქანიდან ვერ გადმოვდივარო...

ამ დროს წყალი უკვე ფანჯარამდე ამოდიოდა. ისინი გზის მეორე მხარეს იყვნენ და ფიზიკურად ვერ გადავიდოდით... წყლის დონემ ერთბაშად იმატა. ძლივს გამოვედით. პატრულის მანქანას მოვკარით თვალი, წყალს მიჰქონდა, შიგნით თანამშრომელი იჯდა, რომელიც მზიურის ტერიტორიაზე იპოვეს შემდეგ ჩვენმა თანამშრომლებმა, ფეხი ჰქონდა დაზიანებული... ვცდილობდით, შედარებით უსაფრთხო ადგილი გვეპოვა. მიკროავტობუსიდან ორი ბიჭი გადმოსვლას ცდილობდა. გადმოვიყვანეთ. გზის შუა ზოლამდე მიაღწიეს თუ არა, წყლის დინებამ ავტომობილი გაიტაცა... რამდენიმე წამში, გზა საერთოდ აღარ ჩანდა. დინებას გარე განათების ბოძები, ავტომობილები, მიკროავტობუსები მოჰქონდა... წყალი იმხელა იყო, ადამიანების გამოყვანისას, ვცდილობდით, მოუგლეჯავ გარე განათების ბოძებს მოვჭიდებოდით. სწორედ ერთ-ერთი მოწყვეტილი ხე, ჩემს მეწყვილე ზურას დაეჯახა...

თუმცა, სანამ დაიღუპებოდა, გადამარჩინა, - წყლის დინებამ გამიტაცა და დამიჭირა. ეს კადრი არასდროს დამავიწყდება... დაახლოებით 30 წუთში, თავად გაიტაცა დინებამ. ოჯახი არ ჰყავდა... სამაშველო სამსახურში პირველივე დღიდან ერთად ვიყავით... იმ ღამეს მართლა ყველაფერი გავაკეთეთ ადამიანების გადასარჩენად და ასეც უნდა მოვქცეულიყავით, უბრალოდ, რომ გვსაყვედურობდნენ, არაფერი გაუკეთებიათო, გულსატკენია. იმ საბედისწერო ღამეს საკუთარი თვალით ვნახე როგორ წამართვა სტიქიამ უახლოესი მეგობარი...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე