კონგოში დაკარგული ქართველი სამხედრო მფრინავის ბედი, მისი ტყვედ ჩავარდნიდან 4 თვის შემდეგაც გაურკვეველია. კონგოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობენ, თავის მხრივ, ქართული საზოგადოება ქვეყნის ხელისუფლებისგან სოსო ოსორაულის გამოსახსნელად მეტ აქტიურობას მოითხოვს...
რამდენიმე დღის წინ, სწორედ ამ უწყებამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოსორაული, სავარაუდოდ, ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა, რასაც აფრიკაში მყოფი მისი მეგობრები და აგრეთვე, მისი ოჯახის წევრები არ ადასტურებდნენ... თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გოდაძის კიდევ ერთი განცხადებით, კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული სავარაუდოდ, გარდაცვლილია. ამის შესახებ გოდაძე ოსორაულის ოჯახის წევრებსაც ესაუბრა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერჯერობით გარდაცვალების ოფიციალური დასტური არ არსებობს, თუმცა ქართულ მხარეს გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ეუბნება, რომ სოსო ოსორაული სავარაუდოდ, გარდაცვლილია. გოდაძის თქმით, ოსორაულის კვალი 13 მაისიდან იკარგება.
"დასტური არ გვაქვს, მაგრამ როგორც გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვეუბნება, სოსო ოსორაული სავარაუდოდ, გარდაცვლილია. რაც საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, გამოსასყიდზე არ ყოფილა საუბარი. ოჯახის წევრებს შეხვედრაზე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფოტო-ვიდეო მასალა ვაჩვენეთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ოსორაულის აფრიკაში მყოფ მეგობრებს, - მათი თქმით, ინფორმაცია სოსოს გარდაცვალების შესახებ, მათ არ მიუღიათ.
"რაღაცას მაინც გავიგებდით... ადგილობრივი ხელისუფლებისგან გვეცოდინებოდა. მართალია, აქ სამოქალაქო ომია, მაგრამ აქამდე რაღაც ინფრომაციას მიიღებდნენ თავიანთი კავშირებით... ასე რომ ყოფილიყო, ყურმოკვრით მაინც გავიგებდით, რომ სოსო იმ ცნობილი შეტაკებისას დაიღუპა... ჩვენ ვიცით, რომ მას დისლოკაციის ადგილი შეუცვალეს, რუანდაში, იქიდან კი უგანდაში გადაიყვანეს. ეს არის ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მუდმივად ვცდილობთ, რამე ახალი გავიგოთ", - ამბობენ ოსორაულის მეგობრები.
კონგოში ტყვედ ჩავარდნილი სოსო ოსურაულის მეუღლე, ნინო ოსორაული ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და მისი მეუღლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს. ნინო ოსორაულმა განაცხადა, რომ მას პრეტენზია არავისთან აქვს, თუმცა, სურს დაზუსტებით იცოდეს, მეუღლე ცოცხალია თუ გარდაცვლილი.
"ჩემი მეუღლის დაბრუნებას ვითხოვ. ვთხოვ ყველას, გააკეთონ მაქსიმალური, რაც შეუძლიათ, ყველამ, ოპოზიციამ, პოზიციამ, სახელმწიფომ, ვისთანაც მიუწვდებათ ხმა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ჯანმრთელი ჩამოიყვანონ. არ მაინტერესებს არავის მიზნები, ვისაც რა აკავშირებს. ბავშვებს დაუბრუნონ მამა, ამას ვითხოვ ყველაზე მეტად, - ნუ დატოვებენ ბავშვებს უმამოდ... ვერ დავიჯერებ, რომ სოსო ცოცხალი არ არის, მაგრამ თუ არ არის, ესეც მითხრან... ჩვენც ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ არ დასტურდება არც გარდაცვალება, არც სიცოცხლე, გრძელდება გამოძიება. არც გაერო, არც "წითელი ჯვარი" არ ადასტურებს, რომ ის გარდაცვლილი ნახეს. ამბობენ, რომ მუშაობას განაგრძობენ, რათა ინფორმაცია დააზუსტონ. მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მომაწოდონ", - ამბობს სამხედრო მფრინავის მეუღლე.
ნინო ოსორაულის თქმით, მას საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ჰქონდა, თუმცა უწყების წარმომადგენლები ამ ეტაპზე მხოლოდ დაუზუსტებელ ინფორმაციას ფლობენ. მან მეუღლის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული ვიდეო, სავარაუდოდ, თებერვლამდეა ჩაწერილი.
თადარიგის პოლკოვნიკი 41 წლის იოსებ ოსორაული საქართველოს შეიარაღებული ძალების შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა, სადაც იმ დროისთვის რამდენიმე ქართველი მფრინავი უკვე მსახურობდა.
2014 წელს, მცირე ხნით, ოსორაული საქართველოს არმიაში დაბრუნდა, თუმცა 2015 წლის მარტში, კვლავ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა.
პოლკოვნიკი ოსორაული 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა, მისმა მოულოდნელმა და გაბედულმა მოქმედებამ, 11 აგვისტოს მეორე ქვეითი ბრიგადის ათეულობით ჯარისკაცს შეუნარჩუნა სიცოცხლე.
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE