ჯაბა ბოჯგუას გადასარჩენად ქართველი ვარსკვლავები ერთიანდებიან. საქველმოქმედო კონცერტი 14 ივნისს, რესტორან "ოტიუმში" გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია.
ცნობისთვის, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 9 წელია უკვე კომაშია. მას დედა, მანანა გვასალია და 83 წლის ბებო უვლის, რომელიც შვილიშვილის დასახმარებლად ზოგჯერ ქუჩაში მოწყალებასაც ითხოვს. ჯაბა ბოჯგუას გულის პრობლემები ბავშვობიდან აწუხებდა, 9 წლის წინ, ის დააპატიმრეს და გულის შეტევა ციხეში მოუვიდა. ციხის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს და კომაში ჩავარდა. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
როგორია დღეს მომღერლის მდგომარეობა, ამის შესახებ Ambebi,ge-ს ჯაბას დედა მანანა გვასალია ესაუბრა.
- როცა ჯაბა კომაში ჩავარდა, 3 თვე ღუდუშაურის კლინიკაში ვიწექით. ექიმი ყოველდღე მეუბნებოდა ხვალ მოკვდებაო, მაგრამ ჩემს შვილს ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა და 9 წელია ცოცხალია. ეს არაპროგნოზირებადი ავადმყოფობაა, საბედნიეროდ ჯაბას სულ უფრო მეტად ემატება მგრძნობელობა და იმედი მაქვს, ერთ დღესაც კარგად იქნება. ასე მოვედით აქამდე და ვიცი ღმერთი არ გამიწირავს ჩემს ერთადერთ შვილს.
- როგორ ახერხებთ მის მოვლას? ვინ გეხმარებათ?
- უამრავი ადამიანი გვეხმარება, უცნობი ხალხი, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. სოციალური დახმარება გვქონდა, რომელიც იმიტომ მოგვიხსნეს, რომ თურმე ბევრ ელექტროენერგიას ვხარჯავთ. ჯაბა აპარატზეა მიერთებული, დაბლენდერებულ საჭმელს ჭამს, ნაწოლების ლეიბიც დენზე გვაქვს შეერთებული და ცოტა ელექტროენერგია როგორ მოვიხმაროთ? არ უყვარს ოთახში შუქის ჩაქრობა, ჩვენც მთელი ღამე არ გვძინავს, ორ საათში ერთხელ გადაბრუნება სჭირდება. სახელმწიფი გვაძლევს ძვირადღირებულ წამლებს და გლდანის გამგებელიც გვეხმარება.
- ცნობილია, რომ ბებიაც ითხოვს მოწყალებას მის დასახმარებლად...
- კი, ჩვენ ჯაბას გარდა არავინ გვყავს და მას ჩვენს გარდა არავინ ჰყავს. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მისთვის. თქვენ ვერ მიხვდებით ჩვენ როგორ დღეში ვართ.
- საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ კიდევ უფრო მოემატა ჯაბას მგრძნობელობა, რას გულისხმობთ?
- თვალებით მანიშნებდა ადრე ყველაფერს, ამ ბოლო დროს ნემსს როცა ვუკეთებ, ძალიან თუ ეტკინა ფეხებით და ხელებით მანიშნებს. სიმღერებს ვასმენინებ ხშირად და თუ აჩქარებული რიტმი აქვს სიმღერას, თვალებს ამოძრავებს.
- როგორც გავიგეთ ჯაბას დასახმარებლად ქართველი მომღერლები კონცერტის გამართვას აპირებენ...
- ბევრი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა ამ ქვეყანაში და უცნობი ხალხის დახმარებით მოვიდა ჩემი შვილი აქამდე. ახლა გავიგე, რომ მაია კაჭკაჭიშვილი აკეთებს ჯაბასთვის კონცერტს. გაახაროს უფალმა. ჩვენთვის ყველანაირი თანადგომა მნიშვნელოვანია.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi,ge