მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმის მიუხედავად ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ენერგო პრო-ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლმა ავთანდილ დვალიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, როდესაც წვიმა გაძლიერდა და იყო პიკური მდგომარეობა, ელექტროენერგიის მიწოდება 12 ათასს აბონენტს შეუწყდა. კერძოდ, ელექტროენერგია გაეთიშა იმერეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის აბონენტთა ნაწილს - საერთო ჯამში 12 ათასს აბონენტს.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ძაბვის ელეტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან არ გამოსულა, ღამის საათებში მათი დატბორვის საშიშროება შეიქმნა, თუმცა პრევენციული ღონისძიებების შედეგად, დატბორვის თავიდან აცილება მოხერხდა.
ძირითადად დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ტრასფორმატორები და ფიდერები დაზიანდა. "ამ დროისთვის აბონენტთა უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. დარჩენილია ლოკალური ავარიები. "ენერგო პრო-ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას და ელექტროენერიის სრულად აღდგენა ძალიან მალე მოხდება", - აცხადებენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.