პარლამენტის შენობასთან ჯგუფ ჯდუფ Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გამოუშვას დაკავებული რეპერები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციას აანონსებენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, "ბრძოლა დღეს არ დასრულებულა, ბრძოლა დღეს დაიწყო". აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ჯგუფ "ბირჟა მაფიას" დაკავებული წევრების ახლობლები, რომლებმაც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართეს და პატიმრობაში მყოფების გათავისუფლება მოსთხოვეს.
აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან და პარლამენტის შენობასთან გაჩერდნენ. აქციის დროს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. მაშინ როცა აქციის ასობით მონაწილე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა, უკვე საკმაოდ ბნელოდა, თუმცა ამის მიუხედავად რუსთაველის გამზირზე გარეგანათება არ ჩაირთო, რის გამოც პროტესტის მონაწილეებმა განათების ალტერნატიული გზა მოძებნეს - მათ მობილური ტელეფონებით გაანათეს შეკრების ადგილი.
"2017 წელს, ამ მანათობელი ტექნიკის ეპოქაში, როცა შუქს გამორთავ, რათა დამსწრეთა რაოდენობა არ ჩანდეს, თუ მათ ხელი შეეშალოთ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს იგდებ კომიკურ ყოფაში, დემონსტრაციის PR მხარეს კი სერიოზულ სამსახურს უწევ. აი, ნახეთ: შედეგად გაცილებით უფრო ლამაზი რამ შეიქმნა. მართლა არ ვიცი რა ჭკუაზე უნდა იყო, ამდენს ვერ ხვდებოდე და რუსთაველზე შუქი არ აანთო ასეთ დროს.
თუმცა, ეს ყველაფერი სიმბოლურია: დღეს შუქთან გამართული ბრძოლების ბოლო უფრო დიდი შუქია!" - წერს ისტორიკოსი, პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე.
შპს "თბილსერვის ჯგუფმა" მოგვიანებით გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ჩართული გარეგანათება რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს:
"ზაფხულის თვეებში გარე განათების ჩართვა პროგრამულად 20:45 საათზე ხდება, თუმცა უამინდობისა და ადრე დაბნელების გამო, დღეს განათების ჩართვა 20:20 საათზე, სადისპეჩერო მართვის პულტის მეშვეობით მოხდა. აღნიშნულის შედეგად, რამდენიმე მისამართზე გამორთული იყო გარე განათების ბოძები, რომელთა ჩართვაც ეტაპობრივად განხორციელდა" - აღნიშნულია თბილსერვის ჯგუფის განცხადებაში.
ფოტო: გიორგი ფარქოსაძე, ბექა ჭანკვეტაძე