რეპერი ბერა ივანიშვილი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერებს სოლიდარობას უცხადებს. პოსტი შესაბამისი შინაარსით ყოფილი პრემიერის ვაჟის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, რომელსაც 620 000 ლაიქერი ჰყავს.
"თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება" - ვკითხულობთ რეპერის ფეისბუქ-პოსტში.
შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერს, ჯგუფ Birja Mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
პროკურატურა მგალობლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თავის მხრივ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მგალობლიშვილისთვის 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე.
როგორც თავად ბრალდებულმა აღნიშნა, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას ამოუღეს, თავად არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო. მისივე თქმით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ იმის გამო ჩაუდო, რომ მისმა ჯგუფმა საკუთარი კლიპით პოლიცია გააშარჟა.
საბოლოოდ მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.