თბილისში, რუსთაველის გამზირზე "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებას აპროტესტებენ. ხალხმრავალი აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსველობით და შეძახილებით მიემართებიან. მოძრაობა გადაკეტილია ცალმხრივად.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი აპროტესტებენ საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა შეცვალოს და უნდა „შეწყდეს ე.წ. ჩადებები“.
ორგანიზატორთა განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დროულ რეაგირებას არ მოახდენს.
აქციაზე ასევე იმყოფებიან ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ დაკავებული წევრების ოჯახის ახლობლები. მათი განცხადებით, ბრალდება, რომელიც დაკავებულებს აქვთ წაყენებული, უსაფუძვლოა.
იხილეთ ვიდეო palitravideo.ge-ზე
შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერს, ჯგუფ Birja Mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
პროკურატურა მგალობლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თავის მხრივ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მგალობლიშვილისთვის 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე.
როგორც თავად ბრალდებულმა აღნიშნა, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას ამოუღეს, თავად არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო. მისივე თქმით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ იმის გამო ჩაუდო, რომ მისმა ჯგუფმა საკუთარი კლიპით პოლიცია გააშარჟა.
საბოლოოდ მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.