9 წლის ლუკა მჭედლიძე რუსთავში, მდინარე მტკვრისგან წარმოქმნილ ხელოვნურ ტბაში საბანაოდ 8 ივნისს, დაახლოებით საღამოს 5 საათზე ჩავიდა… ბავშვმა ცურვა არ იცოდა, როგორც ჩანს, ნაპირიდან ოდნავ შორს შევიდა და ფეხქვეშ ფსკერი რომ ვერ იგრძნო ისე შეშინდა, ვეღარაფერი მოიმოქმედა და ჩაძირვა დაიწყო.
5-6 მეტრი სიმაღლის უფუნქციო წყალსაცავი, მტკვრიდან წლების წინ, გარკვეული დანიშნულებით შექმნეს, დღეს კი უმეთვალყურეოდ არის მიტოვებული.
ლუკას თან უფროსი ძმა, 11 წლის ნიკა
და ორი თანატოლი ახლდა. პატარამ საშველად უფროს ძმას დაუძახა, ისიც საშველად გაიქცა, მაგრამ უკან ბავშვები მიჰყვნენ და შეაჩერეს, შეეშინდათ ისიც არ დამხრჩვალიყო, რადგან ცურვა მანაც არ იცის. ტრაგედიის ადგილზე მალევე გაჩნდნენ რუსთაველი სამართალდამცავები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა. მაშველებმა ბავშვის ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს წყლიდან. ქალაქში ამბობენ, რომ ლუკა პირველი მსხვერპლი არ არის და დაგუბებულმა წყალმა აქამდეც იმსხვერპლა ადამიანები.
გარდაცვლილი პატარის მრავალსულიანი ოჯახი რუსთავში, მეტალურგების ყოფილ საერთო საცხოვრებელში, ნაქირავებ ბინაში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ბნელ და ჭუჭყიან ერთ ოთახში ლუკა, მშობლებთან, ორ ძმასთან, დასთან და 87 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც გვითხრეს, ეს უკანასკნელი მთელ ოჯახს მოწყალების თხოვნით არჩენს.
ლუკას მშობლები კი იშვიათად ახერხებენ სამუშაოს შოვნას.
მჭედლიძეებმა ეს ბინა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიქირავეს, თუმცა, მანამდეც მუდმივად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, რომელთაც ქირის გადაუხდელობის გამო, ხშირად იცვლიდნენ. მეზობლები ამბობენ, რომ ლუკა გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, პატარას ნაქირავებ ბინაში ელექტროდენმა დაარტყა.
კახა მჭედლიძე, გარდაცვლილის მამა:
- ნიკამ ერთი კვირის წინ კედელში "შტეფსელში" დამაგრძელებელი შეაერთა, ტელევიზორის ჩართვა უნდოდა. დამაგრძელებელი მთლად დაშლილი იყო, ლუკას კიდევ იატაკზე დაუვარდა და სულ დაიშალა. ბავშვს დაავიწყდა დამაგრძელებელი დენს რომ იყო შეერთებული და იატაკიდან ხელით აიღო. ამ დროს დაარტყა დენმა. მომხდარის გამო შოკში იყო, ამიტომ ეზოში არ ვუშვებდი. ძალიან რომ დაცხა და სხვა ბავშვები ეზოში ჩავიდნენ, ლუკაც აგვიტყდა მე და დედამისს, - გამიშვითო. გავუშვი, ლუკას ძმებიც ეზოში იყვნენ. რა ვიცოდი, ამდგარან და საბანაოდ წასულან. თუმცა, სხვა დროსაც წასულან საბანაოდ და არაფერი მოსვლიათ.