"ჟურნალ "გზიდან" ხართ? თქვენი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა ჩემი ფოტო, როცა ზურაბ ჟვანიას თოჯინას ვახმოვანებდი. ჯერ გარეკანზე ვხვდებოდი, მერე ბოლოკანზე და ახლა, შუაკანზე ვარ! თავის დროზე ფეხბურთს ვთამაშობდი, მეკარე ვიყავი. მწვრთნელი გურამ გვანცელაძე მეუბნებოდა, - მეკარე მოედანს უნდა აკონტროლებდეს, მოთამაშეებს დავალებებს აძლევდეს და მუდმივად ლაპარაკობდესო. მეც ასე ვიქცეოდი. მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, იმდენი ილაპარაკა, რომ ბოლოს ფილარმონიაში აღმოჩნდაო", - მითხრა ბესო ბერულაშვილმა და მერე, ბევრი სხვა ამბავიც გაიხსენა.
"მოძრავი ფილარმონია"
- კომპანია "მოძრავი ფილარმონიის" საშუალებით, უფასო კონცერტებს ვმართავდით რეგიონებსა და თბილისის გარეუბნებში. მავთულხლართებთან გავმართეთ კონცერტი, როცა იქითა მხარეს ავტომატიანები იდგნენ. ამაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს, როცა ჩადიხარ და ხალხს ეფერები? მათგან ისეთ სიყვარულს გრძნობ, რომ მერე განშორება გიჭირს. კონცერტის დაწყებამდე შინაურულად ვსაუბრობთ. ზოგჯერ გვეუბნებიან: ჯერ არ დაიწყოთ, შვილო, ძროხას მოვწველითო და ჩვენც, ვპასუხობთ, - კაი, გენაცვალეო. ხშირად ისეთ ადგილებში გამოვსულვართ, სადაც არც სცენაა და არც - კულისები. ჩარგალთან ახლოს, სოფელ მაღაროსკარში სკოლის ჩამონგრეული კიბე იყო ჩვენი სცენა. ხანდახან იმაზე ვფიქრობდით, რომ არ გადავვარდნილიყავით. აი, იქ იდგა და მღეროდა ლეგენდა კაცი, თემურ წიკლაური. თბილისის გარეუბნებში გამართულ კონცერტებს "თბილისური საღამოები", ხოლო რეგიონებში გამართულს - "მონატრება" დავარქვით. ზოგან, ხალხი ხეებზეც იჯდა. წარმოიდგინეთ, უნდა წამოვიდეს ადამიანი შორი გზიდან, მოვიდეს ფილარმონიაში, იყიდოს 25-ლარიანი ბილეთი და თან, მარტო ხომ არ წამოვა? ჩვენ კიდევ, თავად მივდივართ მათთან. ღია ცის ქვეშ, ეზოში უფასო კონცერტს გავმართავთ და მოვესიყვარულებით კიდეც.
პაროდიები სიყვარულით
- სხვა ადამიანების ხმის მიბაძვით, ბევრი გამიბია მახეში, მათ შორის: მოქმედი პარლამენტარები, მინისტრები და ა.შ. პაროდიის კეთებისას, პირველად მიმიკას ვიჭერ და მერე მოდის და მოდის... დიდხანს სიცოცხლე და სიკეთე ბატონ გია ვოლსკის, ძალიან მიყვარს. ჩვენ ხომ პაროდიებს მეგობრულად ვაკეთებთ. ჯეჯელავაც კარგად გამომივიდა, ნაბადივით მოვიგდე მხრებზე. გარეგნობითაც ხომ ვგავარ? ჯეჯელავას პაროდიაზე, მიმიკა პირველად როცა დავიჭირე, სელფი გადავიღე და გია ბაღაშვილს გავუგზავნე, - ვინ არის-მეთქი? ლამის სიცილით მოკვდა (იცინის); ჭოლას პაროდია იმდენად კარგი იყო, რომ მისი შვილი დარბაზში იჯდა და ვერ მიხვდა, მამამისი რომელი იყო. ზურაბ ჟვანიას ხმით სად აღარ დამირეკავს. ერთი "დაულაგებელი" ძმაკაცი მყავს, ნარკოტიკის მოხმარებაზე რამდენჯერმე დაიჭირეს. ოჯახი ფულს გადაიხდიდა - გამოუშვებდნენ. თანხა რომ შემოელიათ, მამამისმა მთხოვა და ორჯერ დავეხმარე. მესამედ უკვე მომერიდა პოლიციის უფროსის შეწუხება - მეგობარი კი არის, მაგრამ ჩემზე ასაკით უფროსი კაცია და მოვიფიქრე: ჟვანიას ხმით დავურეკე. იცოდა, რომ პაროდიებს ვაკეთებდი და მეგონა, მიხვდებოდა, მაგრამ ვერ მიცნო. გამოუშვეს ჩემი მეგობარი, რომელსაც გამოდის, რომ დათვური სამსახური გავუწიე. წლების შემდეგ პოლიციის უფროსს სიმართლე გავუმჟღავნე... ზვიად გამსახურდიასთან ერთადერთი შეხვედრა არ დამავიწყდება: იგი ყაზბეგში, ბიძაჩემის ოჯახს ესტუმრა. დედით მოხევე ვარ და იმ დროს მეც იქ ვიყავი. ქალბატონმა მარინა ჯიქიამ უთხრა: იცით, ბატონო ზვიად, ეს თქვენს პაროდიებს აკეთებსო. ჩამივარდა ენა, 16 წლის ვარ, კომპლექსები მქონდა. ზვიადს გაეღიმა.
როსტომ ბერულაშვილი
- დათო როსტომაშვილი და მე ხშირად ვეშლებით ერთმანეთში. ერთხელ მაღაზიაში შევედი და ვიღაცამ თქვა: ვაიმე, ჩვენი საყვარელი მსახიობი, დათო როსტომაშვილი მოვიდაო. ვიფიქრე, რომ დათოც შემოვიდა და ვათვალიერებ, სადაა როსტომაშვილი? ეს თეთრი და ქათქათა კაცი, აბა, როგორ ვიქნები დათო? ის ჩემზე ამბობს, "რიჟა" ტყუპისცალი მყავსო. ამას წინათ ისრაელში იყო. წმინდა გიორგის საფლავის მონახულებისას ქართველები უნახავს, რომლებიც დათოს აღფრთოვანებით შეხვდნენ. ერთი წივილ-კივილი რომ ამტყდარა, ვიღაცას უკითხავს, - რა ხდება, ვინ მოვიდაო? - როსტომ ბერულაშვილი მოვიდაო! - ვიღაცას უთქვამს... განაგრძეთ კითხვა