არაოფიციალური ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატად კენჭისყრის შეთავაზებას დათანხმდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს, რომ უდუმაშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენას პარტია მომავალ კვირას გეგმავს.
ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება შესაძლოა დღეს, 9-საათიანი "კურიერის" დასრულებისას გააკეთოს.
როგორც ცნობილია, ზაალ უდუმაშვილი რამდენიმე დღის წინ კიევში იმყოფებოდა, სადაც პარტიის ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. კიევიდან დაბრუნებულმა წამყვანმა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხად განაცხადა:
"სამწუხაროდ, დღეს ბევრს ვერაფერს გეტყვით. ვადასტურებ, "ნაციონალური მოძრაობისგან" მაქვს შეთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას ალბათ, უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ. უკრაინაში მქონდა შეხვედრები პარტიის ლიდერებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან.
მე ავიღე გარკვეული დრო მოსაფიქრებლად. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს და არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, ვიქნები "ნაციონალური მოძრაობის" თუ დამოუკიდებელი კანდიდატი", - აღნიშნა უდუმაშვილმა ორი დღის წინ გაკეთებულ კომენტარში.