"ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი დაკავებულები არიან, მაგრამ ეს დიდი გაურკვევლობა და დიდი შეცდომაა" - ამის შესახებ ქართველი სპორტსმენების მეგობარი მერაბ დვალიშვილი აცხადებს. დვალიშვილი თავადაც აშშ-ში იმყოფება.
დვალიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი მეგობრები ციხეს აუცილებლად დატოვებენ.
"ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ამ წუთში დაკავებულები არიან, მაგრამ ეს დიდი გაურკვევლობა და დიდი შეცდომაა. ცოტა ხანში გაირკვევა ყველაფერი და დაზუსტდება. ბიჭები გააგრძელებენ თავიანთ საქმეს და მოუტანენ წარმატებას საქართველოს. პანიკას ნუ მიეცემით, არაფერი ცუდი არ მოხდება. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. შესაძლოა, ვიღაცებმა რამე დააშავეს, მაგრამ ეს ბიჭები არიან აბსოლუტურად სუფთა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან დანაშაულთან", - განაცხადა დვალიშვილმა.
წაიკითხეთ: ავთანდილ ხურციძის პირველი კომენტარი - "მოხდა სერიოზული გაუგებრობა..."
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
წაიკითხეთ: რა დაწერა ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" საქართველოდან აშშ-ში გამგზავრებამდე