კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტყვედ ჩავარდნილი სოსო ოსორაულის გათავისუფლების საკითხი ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება... ამ დღეებში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის თქმით, რამდენიმე თვის წინანდელია და რომელშიც ქართველი სამხედრო თავის ოჯახს მიმართავს. ამ ვიდეოს შემდეგ, უფრო აქტუალური გახდა კითხვა, - ცოცხალია თუ არა ქართველი ტყვე, ეს არის ახლა უმთავრესი საკითხი, რადგან იქ არსებული უკიდურესად არასტაბილური სიტუაციის გამო, სანდო ინფორმაციის მიღება ძნელია...
"ძალიან არასტაბილური სიტუაციაა... ჩვეულებრივი ომია, გადაადგილებები, ლოკაციის შეცვლა... თან გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვინ დგას მეორე მხარეს, ანუ ვინ ებრძვის ხელისუფლებას. ამ ადამიანებს წლებია ხელში იარაღი უჭირავთ. კომიკუნიკაცია და ზოგადად, ინფრასტრუქტურა არც ისე განვითარებულია, მით უფრო იმ ადგილებში, სადაც დიდი ხანია ომია... ამიტომ მათ ვერ მოთხოვ სამხედრო ტყვეს, ისე მოექცნენ, როგორც ეს სხვა ცივილურ ქვეყანაში ხდება... თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ვიცით, რომ სოსო ცოცხალია... უბრალოდ, ის ლოკაციის ადგილს გაარიდეს, ერთი ვერსიით რუანდაში ჰყავთ, რადგან ტყვეები ხელისუფლებასთან "სავაჭროდ" სჭირდებათ" - ამბობს ოსორაულის მეგობარი ჩვენთან საუბარში.
თავდაპირველად, სოსო ოსორაულის გათავისუფლების თემაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ერთი ვერსიით, ისინი მილიონ დოლარს ითხოვდნენ, თუმცა, იყო საუბარი იმაზეც, რომ ამბოხებულები სანაცვლოდ თავიანთი თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ მთავრობის პატიმრობაში არიან...
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, მეამბოხეებთან პირდაპირი კავშირის დამყარება შეძლო საქართველოს საელჩომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომლის დიპლომატიური მომსახურება კონგოზეც ვრცელდება. გამოცემის თქმით, ბექა დვალი პირადად ჩავიდა კონგოს დედაქალაქ კინშასაში და 23 მარტის ამბოხებულებსაც შეხვდა. ელჩი მოლაპარაკების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ შეხვედრაზე ქართველი სამხედროს გამოსასყიდ თანხასა და მის ოდენობაზე იყო საუბარი.
მაისის ბოლოს, როცა კონგოს არმიასა და "23 მარტის" ამბოხებულთა დაჯგუფებას შორის ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში რამდენიმე შეტაკება მოხდა, სიტუაცია უკიდურესად გართულდა. მაშინ შეტაკებას მსხვერპლიც მოჰყვა, რის შემდეგაც, კინშასადან მიღებული ინფორმაციით, დატყვევებული იოსებ ოსორაულის კვალი დაიკარგა...
ამ გარემოების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლკოვნიკ ოსორაულის ბოლოდროინდელ მდგომარეობაზე დაზუსტებით ვერ საუბრობს. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის თქმით კი, მაისის ბოლოს გავრცელებული ვერსია, რომ იოსებ ოსორაული შესაძლოა დაღუპული იყოს, ისევ ძალაშია, "თუმცა, ხდება ამ ამბის მაქსიმალური გადამოწმება. ამავე დროს, თუ ვინმე ფლობს ჩვენგან განსხვავებულ სარწმუნო ინფორმაციას, საგარეო უწყება მზად არის ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს მოუსმინოს". - აცხადებენ იწყებაში.
ბექა დვალის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცია პირველწყაროდან, ანუ იმ დაჯგუფებიდან მივიღეთ, ვის ხელშიც ქართველი სამხედრო იმყოფებოდა.
"მათ გვაცნობეს, რომ მოხდა შეტაკება და ბრძოლის შემდეგ, ქართველი მფრინავის კვალი დაიკარგა.
ამასთან, ისიც განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ვამოწმებთ, თუმცა, სრული უპასუხისმგებლობა იქნებოდა ეს ინფორმაცია ოჯახისა და საზოგადოებისთვის საგარეო უწყებას დაემალა... ჩვენ განვაგრძობთ გაეროსთან, წითელ ჯვართან, კონგოს ხელისუფლებასთან, "23 მარტის ამოხებულთა" დაჯგუფებასთან და ზოგადად, ყველა შესაძლო მხარესთან კომუნიკაციას, რომ საბოლოოდ გაირკვეს საქართველოს მოქალაქის ბედი", - აცხადებს ბექა დვალი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განსხავებული ინფორმაცია აქვს იოსებ ოსორაულის ოჯახს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში დასაქმებულ სხვა ქართველ მფრინავებზე დაყრდობით, დატყვევებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლკოვნიკი ცოცხალია.
მათი ინფორმაციით, დატყვევებული მფრინავი უკვე აღარ იმყოფება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მათი თქმით, ამბოხებულთა დაჯგუფების წევრებმა ოსორაული ჯერ მეზობელ რუანდაში, შემდეგ კი უგანდაში გადაიყვანეს.
ოსორაულის ოჯახი ხელისუფლებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რათა დროულად გადაიხადოს დაჯგუფების მიერ მოთხოვნილი გამოსასყიდი. იგივე მოთხოვნით, ქვემო ალვანის მოსახლეობა, რომელმაც მაისის ბოლოს ახმეტის ცენტრში საპროტესტო აქცია მოაწყო, დედაქალაქში ჩამოსვლას გეგმავს.
სოსო ოსორაული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მუშაობდა. მისმა სამხედრო შვეულმფრენმა MI-24-მა, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში კატასტროფა 2017 წლის 27 იანვარს განიცადა, რის შემდეგაც ქართველი პოლკოვნიკი "23 მარტის მოძრაობის" მეამბოხეების ტყვეობაშია.
პოლკოვნიკი ოსორაული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა, მან დროული მოქმედებით 11 აგვისტოს II ქვეითი ბრიგადის ათეულობით ჯარისკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
იოსებ ოსორაულის გათავისუფლება ხანგრძლივი პროცესი იქნება. 2010 წლის 8 სექტემბერს სომალელმა მეკობრეებმა 12 ქართველი მეზღვაური დაატყვევეს, რომელთა გათავისუფლება მხოლოდ, 2012 წლის 12 იანვარს, სამი მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
ფოტო: VOA