"პახმელია", ანუ ნაბახუსევი და ახალი წელი, ფაქტობრივად, განუყოფელი ცნებებია. ცნობილი ამბავია, რომ მაღალხარისხიანი ალკოჰოლური სასმელის მომხმარებლები ნაბახუსევის სიმწვავეს უფრო ნაკლებად განიცდიან, თუმცა, მთლად ყველაფერს მხოლოდ მიღებული სასმელის ხარისხთან ვერ დავაკავშირებთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, დალეული სასმელის რაოდენობაც. ზედმეტად დათრობის, ე.წ. გადათრობის შემთხვევაში, ნაბახუსევი, როგორც წესი, ძალიან რთულ ფორმებში გამოიხატება და ექიმები, უპირველესად, დალევის დროს ზომიერების დაცვას გვირჩევენ.
აღმოჩნდა, რომ ქართველი მამაკაცების უმეტესობა, უპირატესობას "ხაშს, ხარჩოს, ბოზბაშსა და სხვა ცხელ კერძებს" ანიჭებს. 12% "პახმელიის" დაძლევას დაბალალკოჰოლიანი სასმელებით, უპირატესად ლუდით ცდილობს. 9%-ს შხაპის მიღება და ძილის გაგრძელება შველის. ხოლო, დარჩენილი 12% კი ირწმუნება, რომ "პახმელია" არ აქვთ და განთიადის ეს ტანჯვა მათთვის უცხოა.