29 მაისს თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ორი პირი - რობერტ ჟორჟოლიანი და ბერდია ჯაფარიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200.000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
პირი, რომელსაც ფულს სძალავდნენ, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საქმეშია ჩართული და ერთ-ერთი მსხვილი ქსელის მფლობელია, გამომძალველები კი იტალიური კომპრესორების იმპორტიორ კომპანიაში მუშაობდნენ, ვისგანაც ბიზნესმენმა, თავის დროზე, ტექნიკა შეიძინა. დროთა განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, წილების გადაფორმების მოთხოვნა, სიცოცხლის ხელყოფის მუქარა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებით დაშინების მცდელობა.
გაზეთი "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ბიზნესმენს, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხის გამო ვინაობის დამალვა ითხოვა, თუმცა დაწვრილებით ისაუბრა მომხდარზე. გთავაზობთ ამონარიდებს.
ა.ლ. ბიზნესმენი: "მაქვს გაზგასამართი სადგურები და 20 წელია, ამ ბიზნესში ვარ. 2007 წელს გაზგასამართ სადგურს ვაშენებდი და გაზის კომპრესორი დამჭირდა. მივაგენი იტალიური დანადგარების ფირმა "საფე სერვისს". მისმა ერთ-ერთმა მეწილემ, კობა ფანგანმა, თავის პარტნიორთან, თამარა ფილიპოვასთან დამაკავშირა, რომელსაც იტალიელი მეუღლე ჰყავდა. ტექნიკური საკითხები მოვაგვარეთ, ფასზე შევთანხმდით და კომპრესორში 232.400 ევრო გადავიხადე. ჩამოსული კომპრესორი"გაუმართავი აღმოჩნდა, მაგრამ შევეგუეთ, რადგან ზოგჯერ ასეც ხდება..."
2013 წლიდან "ძველი ბიჭი" კობა ფანგანი ამიხირდა... პარტნიორობაზე უარი რომ ვუთხარი და სარგებელი ვერ ნახა, 2017 წლის 10 აპრილს ჩემთან ოფისში მოვიდნენ ფანგანი, ჟორჟოლიანი და ჯაფარიძე. ჩვენი საუბარი კამათში გადაიზარდა.