ხანძარი ზესტაფონში: ლოგინად ჩავარდნილი მღვდელი ალმოდებული სახლიდან მეზობელმა გამოიყვანა

ხანძარი ზესტაფონში: ლოგინად ჩავარდნილი მღვდელი ალმოდებული სახლიდან მეზობელმა გამოიყვანა

ზესტაფონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სასულიერო პირი დაშავდა, საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

მამა დავითმა (აბულაძე) სხეულზე ძლიერი დამწვრობა მიიღო და ის ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"მეზობლებმა ხანძარი მაშინ შეამჩნიეს, როცა ცეცხლის ალი გარეთ გამოვიდა. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის უფროსი, რომლის გადარჩენაც მოხერხდა, თუმცა საცხოვრებელი სრულად განადგურდა. ხანძრის გაჩენის მიზეზს პოლიცია ადგენს", - განაცხადა ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ზვიად მაღლაკელიძემ. წინასწარი ვერსიით, ხანძარი სახლში სანთლიდან გაჩნდა.

როგორც ჟურნალისტებს მამა დავითის ოჯახის წევრმა გულო ორბელაძემ განუცხადა, სახლი მთლიანად დაიწვა, ყველაფერი განადგურდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

"მამაო მარტო იყო სახლში. მას სიარული უჭირს, 7 წელია ინსულტის შედეგად პარალიზებულია, რის გამოც საწოლში იწვა. არ ვიცით, რის გამო გაჩნდა ცეცხლი, რომ არა ჩვენი მეზობელი, მამაოც დაიწვებოდა. აბსოლუტურად ყველაფერი განადგურდა, აღარაფერი დაგვრჩა. რაღაც დახმარება მაინც აღმოუჩინონ მამა დავითს, რომელიც ახლა სიკვდილს ებრძვის ", -განაცხადა მამა დავითის ოჯახის წევრმა.

მისივე თქმით, მამა დავითი სიკვდილს მეზობელმა ლექსო საცერაძემ გადაარჩინა, რომელიც ალმოდებულ სახლში შევარდა და იქედან გამოიყვანა.

ზესტაფონში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული დაიწვა. სახლში იმყოფებოდა სასულიერო პირი, რომელმაც სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა მიიღო.

ფოტოები: მარგვეთისა და უბისის ეპარქიის "ფეისბუქის" გვერდიდან