"ჯეოლაბში" 7 ივნისს კოტე იანტბელიძის წიგნის "კრეატორის დღიურის" პრეზენტაცია და კრეატიული მასტერკლასი გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "პალიტრა L"-დან აცნობეს, სემინარზე განხილული იქნება სავარჯიშოები და რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ უფრო კრეატიული ბიზნესსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
"დღევანდელ სამყაროში, კრეატიულობა უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევად მიიჩნევა, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ყველა სფეროს, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. არსებობს დამკვიდრებული შეხედულება, რომ კრეატიულობა პიროვნული ხასიათის ნაწილი, თანდაყოლილი უნარია, რომელიც მხოლოდ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს აქვთ. თუმცა, ამ აზრს ყველა არ ეთანხმება.
ერთ-ერთი პრობლემა ისიცაა, რომ ბაზარზე თითქმის არ არსებობს სათანადო ლიტერატურა, რომელიც ადამიანებს ამ თვისების გამომუშავებაში დაეხმარება. სულ ცოტა ხნის წინ კი წიგნის მაღაზიებში "კრეატორის დღიური" გამოჩნდა. ეს გონების კრეატიული სავარჯიშოებით დატვირთული კრებულია, რომელიც გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. კრეატორის დღიურის ავტორი, კოტე იანტბელიძე აღნიშნავს: თანამედროვე ადამიანის წარმატებისთვის საჭირო უმნიშვნელოვანესი კომპეტენცია სწორედ კრეატიულობაა.
ყველა ადამიანი კრეატიულია... ეს ადამიანის ბუნებაა და არა შეძენილი უნარი. უბრალოდ არსებობს უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ადამიანის კრეატიულ ბუნებას განვითარების საშუალებას არ აძლევს. კრეატიულობა ცხოვრების წესია და არა ხანდახან გამოსაყენებელი ტექნიკა. კრეატიულობას, პირველ რიგში, განსაზღვრავს ასოციაციები და კომბინაციები და არა ინტელექტი", - აცხადებენ "პალიტრა L"-ში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფეისბუქ გვერდს
დასწრება თავისუფალია.