ბრძოლა "X ფაქტორის" ტიტულისთვის აქტიურ ფაზაში გადადის. პროექტში წელს სხვადასხვა ჟანრის მომღერლები იღებენ მონაწილეობას, შესაბამისად, თქვენი რჩეულის გადასარჩენად განსაკუთრებული sms აქტიურობა არის საჭირო. შეგახსენებთ, პირველ ლაივ კონცერტზე პროექტს ოთო ღურწკაია გამოეთიშა.
რა მოლოდინი აქვთ კონკურსანტებს დღევანდელ ლაივ შოუზე - ამის შესახებ ისინი AMBEBI.GE-ს ესაუბრნენ.
მერაბ ამზოევმა ჟიურის და მდედრობითი სქესის მაყურებლის გული კასტინგებზე გამოჩენისთანავე მიიპყრო. მისი გამოხედვა გულგრილს არავის ტოვებს. ამზოევის ვოკალურ მონაცემებს მიმზიდველი გარეგნობა კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. შესაბამისად, ის დღევანდელ ლაივ-შოუსაც თავდაჯერებული ხვდება.
მერაბ ამზოევი: "საუკეთესო მოლოდინები მაქვს დღევანდელ ლაივ-კონცერტზე. მაყურებლის წინაშე განსხვავებული ჟანრის სიმღერით წარვსდგები, აქამდე ამ ჟანრში არასდროს მიმღერია, იმედი მაქვს მოიწონებენ, მხარს დამიჭერენ და შემდეგ ეტაპზეც გადავალ".
გიორგი გაბუნიას გუნდის წევრს, გრიგოლ ყიფშიძეს სცენისთვის თითქმის ყველანაირი მონაცემები აქვს, ის კარგად მღერის და არტისტული უნარებიც აქვს.
გრიგოლ ყიფშიძე: "ამ სიმღერის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. შესაბამისად, დღევანდელ ლაივზე ვნერვიულობ. პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი გულშემატკივრების წინაშე და ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც განსაკუთრებულად ვღელავ. სანახაობრივ ნომერს გპირდებით და მხარდამჭერებს მოვუწოდებ, აუცილებლად დამიმესიჯონ. ჩვენ ერთად შევძლებთ გამარჯვებას".
ლელა წურწუმიას გუნდის წევრს, მაგდა ვასაძეს მაყურებელი უკვე შემდგარ მომღერალს უწოდებს. თუმცა, წინა ლაივ-კონცერტზე აუტსაიდერებში მოხვედრას მცირე პროცენტით გადაურჩა.
მაგდა ვასაძე: "დღევანდელ ლაივ-კონცერტზე ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო და კარგად ვიმღერო. წინა კონცერტზე ბოლოდან მესამე ადგილზე ვიყავი, ამიტომ მგონია დღეს აუტსაიდერებში მოვხვდები. ჩემს თაყვანისმცემლებს მივმართავ, მხარი დამიჭირონ და იაქტიურონ სმს-ების საშუალებით. მე ეს ძალიან მჭირდება".
წინა ლაივ-კონცერტზე პროექტს სტეფანეს გუნდის წევრი გამოეთიშა, შესაბამისად მენტორი, პროექტში გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი ბენდით იბრძვის. ჯგუფი "mix2ra" დღევანდელ შოუზე მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.
"წინა ორ კონცერტზე ჩვენი სოლისტის, ეკოს გარეშე ვიმღერეთ. მას ყელის პრობლემები ჰქონდა, ახლა გამოჯანმრთელდა და ჩვენთან ერთად გამოვა სცენაზე. უკმაყოფილო არავინ დარჩება ჩვენი გამოსვლით. ბენდების კატეგორიაში მხოლოდ ჩვენ დავრჩით, ამიტომ აუტსაიდერებში მოხვედრის შიში არ გვაქვს, რადგან ჩვენს კატეგორიაში კონკურენტი აღარ გვყავს. ეს არც მენტორებს არ აწყობთ", -აცხადებენ AMBEBI.GE-თან საუბარში ბენდის წევრები.