მსახიობ კოტე თოლორდავას დედა, ელენე ხოშტარია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი მსახიობის უახლოესი მეგობარი მერაბ ჭიქაშვილი, ასევე მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ავრცელებენ.
"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა: გარდაიცვალა ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის მშობელი! ადამიანის, რომელმაც თავისი ხმამაღალი სიტყვა დაუტოვა ქართულ საზოგადოებას. მსახიობის, რომელმაც სამუდამოდ დაამახსოვრა მაყურებელს თავი! კოტე თოლორდავას დედა - ელენე ხოშტარია გარდაიცვალა. მართლაც რომ ურთულესია, ასეთი ვაჟკაცის დაკარგვის შემდეგ გააგრძელო ცხოვრება..." - წერს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
ელენე ხოშტარია მეზობლებმა გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. AMBEBI.GE კოტე თოლორდავას მეგობარს, მსახიობ მერაბ ჭიკაშვილს დაუკავშირდა:
- ქალბატონი ლენა გუშინ ღამით გარდაიცვალა. მას სასუნთქი გზების სიმსივნე ჰქონდა, რის გამოც ფილტვებში წყალი ჩაუდგა. ორი დღის წინ წაიყვანა განომ (კოტე თოლორდავას ქვრივი) ექიმთან და ორი ლიტრი წყალი ამოუღეს. ეს მისთვის შვება იყო. სამშაბათს მეორე ვიზიტი უნდა ჰქონოდა, სახლში მივუყვანეთ მომვლელი, დალაქი, რომელმაც მოაწესრიგა ექიმთან ვიზიტისთვის. საღამოს 11-ის ნახევარზე წამოვიდა მისგან ჩვენი მეგობარი, 23:00 საათზე მეზობელი შევიდა და გარდაცვლილი ნახა.
ეტყობა ვეღარ ამოისუნთქა და ამით გარდაიცვალა... მისი მდგომარეობა კოტეს გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა, ნერვიულობის შედეგად, მარჯვენა ხელი დაკარგა, ფეხები დაუსივდა, ვცდილობდით გარეთ გაგვეყვანა, მაგრამ არ უნდოდა არავის შეწუხება. შვილიშვილი ვერ აყავდა ხელში და ეს მისთვის დიდი ტრაგედია იყო. გუშინ ღამით გარდაიცვალა განოს გამზრდელი ბებიაც, მას ხუთშაბათს ვკრძალავთ. ამ დღეს არის განოს დაბადების დღეც და დიპლომის დაცვაც... კოტეს მეგობრები ვცდილობთ, განოს ამხელა პრობლემები რაღაცნაირად შევუმსუბუქოთ. უამრავი ტრაგედია გადაიტანა ამ გოგომ, დარჩა მარტო შვილებით და უახლოესი ოჯახის წევრებით. მამაომ მოგვცა კურთხევა და კოტეს დედას პარასკევს დავკრძალავთ, ერთ დღეს ორი დაკრძალვა ფიზიკურად შეუძლებელი იყო...", - გვითხრა საუბრისას მერაბ ჭიქაშვილმა.
ლენა ხოშტარიას პანაშვიდები რევაზ ლაღიძის ქუჩაზე გაიმართება.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE