"ოჯახის წევრების ინფორმაციით, აფგან მუხთარლი საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს არა მწვანე ზონაში, არამედ ლაგოდეხში, ოფიციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან გადასცეს" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.
ნანუაშვილის თქმით, მუხთარლის მეუღლეს და მეგობრებს ის დღეს შეხვდა.
"მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, გატაცება მოხდა ჩიტაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, პოლიციის მიერ, "ოპელის" მარკის ავტომობილით. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმა. ეს არის ადგილი, სადაც რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახური, პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იტალიის საელჩო.
ჩვენთვის უცნობია, არის თუ არა ამოღებული ვიდეოჩანაწერები. ასევე, მათი ინფორმაიცით, არანაირ მწვანე ზონაში არ მომხდარა ჟურნალისტის გადასვლა. ის მოიტაცეს და წაიყვანეს, რამდენჯერმე სხვადასხვა მანქანაში გადასვეს და საბოლოო ჯამში, ლაგოდეხში, ოფიციალური საკონტროლო გამშვები პუნქტიდან მოხდა მისი გადაყვანა საზღვარზე და გადაცემა აზერბაიჯანის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისთვის", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.