კიევში ჩეჩენმა ქალმა, სავარაუდოდ, რუსი ქილერი მძიმედ დაჭრა

კიევში ჩეჩენმა ქალმა, სავარაუდოდ, რუსი ქილერი მძიმედ დაჭრა

კიევში მძიმედ დაჭრეს ჩეჩენი მამაკაცი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებს. უკრაინის პოლიციის განცხადებით, საქმე გვაქვს მკვლელობის მცდელობასთან. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამ ოსმაევს 1 ივნისს, გვიან ღამით ესროლა მამაკაცმა, რომელიც მას ერთი დღით ადრე, გამოცემა Le Monde-ს ფრანგ ჟურნალისტად გაეცნო და ინტერვიუ სთხოვა.

სამინისტროს ინფორმაციით, როცა ოსმაევი და მისი მეუღლე ამინა ოკიევა კიევში, პადოლსკის რაიონში, კირილოვსკის ქუჩაზე შეხვდნენ მამაკაცს და მის მანქანაში ჩასხდნენ, უცებ მან ცეცხლსასროლი იარაღი, Глок-ი ამოიღო და ოსმაევს ორჯერ ესროლა. როგორც დაჭრილის მეუღლე ამინა ოკიევა ჰყვება, ის დაიბნა, თუმცა მალევე მოვიდა გონს, თავისი იარაღი, ПМ ამოიღო და ე.წ. ჟურნალისტს 4-ჯერ ესროლა. ამ დროისთვის ორივე მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა...

კიევის პოლიციის ინფორმაციით, ოსმაევი და მისი მეუღლე 2014 წლიდან, რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდნენ და "კიევი-2"-ის საპოლიციო ბატალიონში მოხალისეებად ირიცხებოდნენ.

ოსმაევი უკრაინაში 2012 წლის თებერვალში დააპატიმრეს და მოგვიანებით, რუსეთის ხელისუფლების თხოვნით, ბრალად პუტინის მკვლელობის მომზადება წაუყენეს.

2014 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს უჭერს მხარს, მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, უკრაინამ ოსმაევისთვის მკვლელობის მცდელობის ბრალდების მოხსნა გადაწყვიტა... ოსმაევი და ოკიევა კონფლიქტში კიევის მხარეს იბრძოდნენ...

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი რუსეთის სპეცსამსახურებთან არის კავშირში.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, არტიომ შევჩენკოს განცხადებით, კილერს, რომელმაც ჩეჩენს ესროლა, ამჟამად სამედიცინო დახმარება უტარდება, მას ორი ტყვია მკერდში აქვს მოხვედრილი, დანარჩენი ორი მხრების არეში... მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის მუხლით აღიძრა.

უკრაინული მედიის პირველადი ვერსიით, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი მკვლელობა, რომელსაც რომ არა ჩეჩენი ქალბატონის სიმამაცე, სისრულეში მოიყვანდნენ. ქილერი ამჟამად საავადმყოფოში, სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება.

"დაზიანებები აქვს, მაგრამ როგორც ექიმები გვეუბნებიან, იცოცხლებს. ის დაცვის ქვეშ არის და თვითმკვლელობას არ დავუშვებთ, როგორც კი გონზე მოვა და საუბარს შეძლებს, ჩვენებასაც მოგვცემს და ალბათ მოგვიყვება, როგორ "ავერბოვკებენ" რუსი სამართალდამცავები უკრაინაში გამოსაგზავნ ქილერებს.. მას უკრაინის პირადობის მოწმობა და უცხოეთის პასპორტი აღმოაჩნდა, რომლითაც რუსეთისა და ბელორუსის საზღვარი აქვს გადაკვეთილი", - აცხადებს შევჩენკო უკრაინულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, მძიმე არის დაჭრილი ოსმაევაც. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება... ადგილზე ნაპოვნია სამი პისტოლეტი, ორი "მაკაროვის", ხოლო ერთი უცხოური მარკის, Глок-ი. უკრაინის პოლიციის განცხადებით, ქილერი მარტო არ მოქმედებდა, რადგან ასევე ნაპოვნია უკრაინის მოქალაქის ალექსანდრ დეკარის დოკუმენტები, რომელსაც პოლიცია სწავლობს და ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე