ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია წარმატებული ქართველი ახალგაზრდების შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სრული დაფინანსების მოპოვება შეძლეს და განათლების მიღებას საზღვარგარეთ განაგრძობენ. AMBEBI.GE სწორედ ასეთ ახალგაზრდებს გაგაცნობთ:
რატი ზედგინიძე
დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი ზედგინიძე აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. რატი ზედგინიძემ უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით, 80 000 დოლარიანი დაფინანსება მიიღო, რომელიც სრულად აანაზღუარებს 4 წლიან სასწავლო კურსს. წარმატებულმა ახალგაზრდამ დაფინანსება TOEFL-ის და SAT-ის მათემატიკური ტესტის ჩაბარების შემდეგ მოიპოვა.
რატის პილოტობა ბავშვობიდან უნდოდა, თუმცა ამაზე სერიოზულად ფიქრი მე-9 კლასიდან, ინგლისური ენის შესწავლა კი ერთი წლის წინ, მე-11 კლასში დაიწყო.
"თავიდან საქართველოში ვაპირებდი სწავლას, მაგრამ 2 წლის წინ გადავწყვიტე სწავლა ამერიკაში გამეგრძელებინა. ერთი წლის წინ დავიწყე ინგლისურის სწავლა. გასული წლის დეკემბერში ჩავაბარე გამოცდები. ამერიკის 5 უნივერსიტეტში გავგზავნე ჩემი შედეგები, საიდანაც ჩარიცხვის შესახებ დადებითი პასუხები მივიღე. ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან აქ ჩემთვის სასურველი მიმართულება და უკეთესი დაფინანსება იყო. შიდა, მათემატიკის ტესტი უკვე ვწერე იმის გასარკვევად, თუ როგორ კლასში უნდა ჩავრიცხულიყავი", - განაცხადა რატი ზედგინიძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ვირჯინიის შტატში სწავლას აგვისტოდან იწყებს. რატი ზედგინიძე დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლიდან პირველი მოსწავლეა, ვინც სწავლას ამერიკაში განაგრძნობს.
მერი კავთელიშვილი
კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი მერი კავთელიშვილი მსოფლიოს 4-მა წამყვანმა უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-მა მიიღო და თითოეულმა საშუალოდ $250 000 დაფინანსება მისცა.
მერიმ სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania აირჩია.
პენსილვანიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია ამერიკაში და Ivy League-ის წევრია, სადაც მხოლოდ რჩეული და პრესტიჟული უნივერსიტეტები შედის. უნივერსიტეტის კამპუსი 12 სკოლას, 170-ზე მეტ კვლევით ცენტრს, 4200 ფაკულტეტსა და 20 000 სტუდენტს აერთიანებს.
პენსილვანიის უნივერსიტეტი U.S News & World Report-ის რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს. აქ სწავლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი, უორენ ბაფეტი, ილონ მასკი და სხვები.
ტბელ აბუსერიძე
ტბელ აბუსერიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობდა, როდესაც მერილენდის ქალაქ ანაპოლისში მდებარე St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატზე ჩაირიცხა. მას უნივერსიტეტმა ოთხივე წლის საფასური დაუფინანსა (წელიწადში 58 650 დოლარი). ის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩარიცხულ 10 სტუდენტს შორის მოხვდა.
"როდესაც მივხვდი, რომ სამართალი ჩემი საქმე არ არის და პირადი თავისუფლება უფრო მაღლა დავაყენე ვიდრე პროფესია, დავიწყე ფიქრი, სად შემეძლო ყველაზე უკეთ ჩემი ინტერესების შესაფერისი განათლების მიღება.
St. John’s College-ში იმას ასწავლიან, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ვნახე ცხრილი, საგნები, თუ რა იყო საჭირო იმისთვის, რომ მე იქ მოვხვედრილიყავი, გადმოვწერე მიღებისთვის საჭირო ყველა აპლიკაცია. დავწერე თემები, წიგნის რეცენზია, გავაგზავნე extracurricular work, აღვუწერე ყველა ჩემი აქტივობა და ინტერესი. პრობლემებით დაწყებული, იმიტომ რომ ეს გრანტთან პირდაპირ კავშირშია, დამთავრებული წარმატებებით, რომელიც ასევე ჩარიცხვასთან იყო კავშირში. არავინ მყავდა ისეთი ვინც, ელემენტარულად, აპლიკაციების შევსებაში დამეხმარებოდა, ამიტომ ინდივიდუალურად გავართვი თავი უამრავ რამეს. დაწყებული CSS პროფილის შევსებიდან, ყველაფრის დეტალურად შევსება მომიწია, ოჯახის შემოსავალი, გასავალი, რამდენი ვცხოვრობთ, ისიც კი, რამდენი გვიჯდება სახლის დასუფთავება და ყოველდღიური კვება. საბოლოოდ მომივიდა დადებითი პასუხი. მითხრეს, რომ ეს უნივერსიტეტი ჩემთვის იყო შექმნილი და მიმღებ კომისიაზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე. მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ მე გაცვლითი პროგრამით არ მივდივარ, დაფინანსება ინდივიდუალურად მოვიპოვე.
St. John’s College-ში მოქმედებს ორი ტიპის გრანტი: ფედერალური და საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსება. პირველში მოვიპოვე 23 000 დოლარის ოდენობის გრანტი, როგორც მითხრეს, ეს იყო ყველაზე სოლიდური თანხა, რაც კი სტუდენტზე გაიცა. მეორე საგრანტო პროგრამაშიც იმდენი ავიღე, რომ საბოლოოდ ყოველწლიური გადასახადიდან, 60 000 დოლარიდან - 58 650 დოლარის გრანტი ავიღე. საბოლოოდ, წელიწადში მხოლოდ 1 350 დოლარი მექნება გადასახდელი.
უნივერსიტეტში მოხვედრისთვის, აკადემიურ მონაცემებზე მეტად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩემი სხვა აქტივობები, ის, რომ მაგალითად, ასტროფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, ძალიან მიყვარს ასტროფიზიკა და ასტრონომია და სხვა. ამერიკული საგანმანათლებლო მოდელისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სწორედ ის, სწავლის გარდა, თუ რას აკეთებ. ამიტომ მომიწია ყველა იმ სერთიფიკატის გაგზავნა, რომელიც სხვადასხვა კონფერენციაზე მიმიღია. გავაგზავნე, ასევე, ღრმა ციურ სხეულებისთვის გადაღებული ჩემი ფოტოები, გავაგზავნე ჩემი ინგლისურენოვანი ლექსებიც, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. მივუთითე, ასევე, რომ National Geographic საქართველოს ბლოგერი ვარ. უნივერსიტეტის პრინციპი ზუსტად ეს არის - ნიშნებს იმდენად არ ექცევა ყურადღება, რამდენადაც სტუდენტის აზროვნებას, ინტელექტუალურ ბაზას, ინტერესებსა და აქტივობებს. მე TOEFL-იც კი არ ჩამიბარებია, ინტერვიუს საფუძველზე მიმიღეს. უნივერსიტეტს მისაღები გამოცდა არ აქვს, ჩარიცხვის მთელი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აზროვნებ.
ამერიკული სასწავლო სისტემისთვის არსებითად მნიშვნელოვანია რეკომენდაციებიც, IBSU-დან ეკა ბაკარაძემ შესანიშნავი რეკომენდაცია დამიწერა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ლექტორია. რეკომენდაცია გამიწია სკოლის მასწავლებელმაც. მათ შორის გადამწყვეტი იყო National Geograpic-ის მთავარი რედაქტორის ლევან ბუთხუზის რეკომენდაცია.
აღმოჩენა, მოგზაურობა და კითხვა - ეს არის ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში. IBSU-მ მიმახვედრა ის, თუ რა მინდა და რომ ჩემი არჩეული პროფესიით მომავალში ვერ ვიმუშავებდი, სხვა ინტერესები მქონდა. აქ მაღალ დონეზე ისწავლება სამართალი, მესამე კურსზევე მივხვდი, რომ კაბინეტური სამსახური არ მინდა და ძიება, აღმოჩენა, დაკვირვება, წერა და მოგზაურობაა სინამდვილეში რაც მინდა. ამიტომ დრო აღარ დავკარგე და არ დაველოდე უნივერსიტეტის დამთავრებას. უნივერსიტეტს ვუმადლი, ასევე, კარგ ინგლისურს, რომელიც ჩაბარებისას გამომადგა.
რაც შეეხება მოლოდინებს - მომავალი 6 წლის მანძილზე ამერიკის გარშემო ძალიან ბევრს ვიმოგზაურებ დაწყებული გრანდ კანიონებიდან და ალიასკით, ვეცდები უამრავი რამ ვნახო. მე დაბადებული ვარ იმისთვის, რომ ვიმოგზაურო, რაღაც ახალი ვისწავლო და აღმოჩენები გავაკეთო. სამყარო იმდენად უსასრულოა და ცხოვრება იმდენად ხანმოკლე, ოფისში ჯდომისთვის არ მემეტება.
მინდა ვთქვა, რომ არ არის მნიშვნელოვანი სად სწავლობ, რომელ კურსზე ხარ. თუ აღმოაჩენ, რომ რასაც აკეთებ შენი საქმე არ არის, სიტყვა "ბარემ დავამთავრებ'' დაუშვებელია. თუ მიაგნებ იმას, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გინდა, ბარიერი აღარ უნდა შეიქმნა. თუმცა ხელახლა ვიწყებ ყველაფერს იმისათვის, რომ ვაკეთო ის, რაც სინამდვილეში მინდა და ჩემია", - ამბობს ტბელ აბუსერიძე.
მარიამ გოგია
მარიამი უკვე 2 წელია ლონდონში Westminster-ის უნივერსიტეტში ფინანსების ფაკულტეტზე სწავლობს. მან უნივესტიტეტისგან 100% დაფინანსება 2015 წელს მიიღო. ვიდრე სწავლას საზღვარგარეთ განაგრძობდა, მარიამი ჯერ თბილისის პირველ საჯარო სკოლაში, ბოლო ორი წელი კი ამერიკის კოლეჯში სწავლობდა.
ცნობისთვის, University of Westminster დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს.
ელენე მაჩაიძე
19 წლის ელენე მაჩაიძე, რომელიც კომაროვის სკოლის 2015 წლის კურსდამთავრებულია, აშშ-ში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სრული დაფინანსებით მიიღო.
ელენე მაჩაიძე 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს წამყვან ინსტიტუტში სწავლას. ქართველმა სტუდენტმა TOEFL-ის ტესტში 120-დან 106 ქულა მიიღო; SAT-ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1490; SAT-ის მათემატიკის ტესტში 800-დან 800 და ფიზიკაში 800-დან 770 მიიღო.
ელენე კომაროვის წარჩინებული მოსწავლე იყო და სისტემატურად ესწრებოდა სკოლის ინფორმატიკის წრეებს. მოპოვებული აქვს რამდენიმე მედალი ინფორმატიკის სხვადასხვა ოლიმპიადაზე: 2 ვერცხლის მედალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე; კომაროვის სკოლის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გუნდური მესამე ადგილი ამავე ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს მედალი - ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2014 და 2015 წელს, ბრინჯაოს მედალი ევროპის ოლიმპიადაზე 2015 წელს.
ელენე ვებ-საიტის www.coder.ge ავტორია, რომელიც კომაროველ მეგობრებთან (ნიკა ნადირაძე და ნიკოლოზ სვანიძე) ერთად იმისთვის შექმნა, რომ ინფორმატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის დამატებითი ქართული სამეცადინო პლატფორმა მიეწოდებინა. ელენეს თქმით, მსგავსი ამოცანები ძირითადად რუსულ და ინგლისურ ენებზეა, ამიტომ ის სტუდენტები, რომლებსაც უცხო ენები უჭირდათ, ხშირად ვერ ახერხებდნენ ამოცანების გაკეთებას.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. ინსტიტუტში სწავლის წლიური გადასახადი 60 000 დოლარამდე აღწევს.
ელენე მესამე მოსწავლეა კომაროვის სკოლიდან, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტში გაემგზავრება სასწავლებლად. სკოლის კიდევ ორი კურსდამთავრებული - გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე ამჟამად MIT-ს სტუდენტები არიან.
Georgian student gets $250 000 scholarship from University of Pennsylvania
წაიკითხეთ ასევე: "აქ მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს" - ქართველი მოსწავლეები, NASA-ს შემდეგ, ცერნში მიემგზავრებიან
გაიცანით ოთხი ქართველი მოსწავლე, რომლებიც NASA-ში მიემგზავრებიან