როგორ აღნიშნეს "რუსთავი 2"-ის სახეებმა ტელეკომპანიის დაბადების დღე და ბავშვთა დღე შვილებთან ერთად

როგორ აღნიშნეს "რუსთავი 2"-ის სახეებმა ტელეკომპანიის დაბადების დღე და ბავშვთა დღე შვილებთან ერთად

ზაფხულის დადგომას, ბევრი დღესასწაული ემთხვევა, მათ შორის, ბავშვთა დაცვის დღე, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა... ასევე, 1-ელი ივნისი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დაბადების დღეა. ეს ყველაფერი არხის დილის გადაცემის შემოქმედებითმა გუნდმა მასშტაბურად და გრანდიოზულად აღნიშნა.

დილის 7 საათზე ტელეკომპანიის ეზო სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც ასფალტზე ხატვას შეუდგნენ, ყველა თავის სათქმელს, ემოციას, ნაფიქრს ფერადი ცარცით გამოხატავდა, მათ სპეციალურ სამოსებში გამოწყობილი ანიმატორებიც ამხიარულებდნენ. მოკლედ, დიდი ჟრიამული იყო...

ნინო არაზაშვილი, "დილა მშვიდობისა საქართველოს" გენერალური პროდიუსერი:

- არ იყო ადვილი 120 ბავშვის დილის 7 საათზე აქ მოყვანა, თუმცა ეს მოხერხდა და 7 საათზე აქ იყო ყველა. არავის დაუგვიანია. მადლობა "ბზიკების" სტუდიას, "რუსთავი 2"-სთვის, იუბილეზე საჩუქარი ჰქონდა - ახალი მუსიკალური კლიპი, რომელიც ბავშვთა დაცვის დღეს მიუძღვნეს... პატარები "რუსთავი 2"-ის ეზოს ცარცით აფერადებდნენ სლოგანით "გააფერადე გული". მადლობა მხარში დგომისთვის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის აღსაზრდელებს, აქ რომ გვეწვივნენ და მოგვეხმარნენ. შემოგვიერთდნენ ასევე იუბილარი სასწავლო ცენტრის "ლაიქის" ანიმატორები. რაც მთავარია, ეზოში შეკრებილმა პატარებმა ძალიან ისიამოვნეს. ვისურვებდით, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო დაცული ყოფილიყოს ბავშვთა უფლებები და სწორედ ეს გვინდოდა, საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა. ამისთვის კი ჩვენი გუნდი ორი დღე-ღამე მუშაობდა და იმისთვისაც, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.

ეკა სამხარაძე, "დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი:

- დილის გადაცემა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგანაც როგორც დააწყებინებ ადამიანებს დილას, მერე ის განწყობა გაჰყვებათ მთელი დღე. მით უმეტეს, დღეს კარგი საფუძველი გვქონდა იმის, რომ მხიარულები ვყოფილიყავით. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, "რუსთავი 2"-ის დაბადების დღე, ნინოობა და ზაფხულის პირველი დღე, - მნიშვნელოვანი ფაქტებია და შესაბამისად გვინდოდა, დილიდან ხალისიანად დაგვეწყო. ამასთან, ბევრი ფერით და ბავშვთან ერთად, რადგანაც ყველაზე პოზიტიურები, კარგები, ღაღები, სტიმულის მომცემები ისინი არიან. ბავშვის გაღვიძება დილას რთულია, მაგრამ ჩვენთან მოსული პატარების მშობლებმა ყველამ ერთხმად აღნიშნა, როგორი სიხარულით, მონდომებით, სიამოვნებით გაიღვიძეს იმისთვის, რომ დილიდან ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. ჩვენ ბავშვთა დაცვის დღე მივულოცეთ და მათ - დაბადების დღე.

მიუხედავად იმისა, დღეს ყველას არ გვიწევდა მუშაობა, წამყვანებიც ყველანი ერთად ვიყავით ეთერში.

ოთარ ქირია, "დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი:

- მნიშვნელოვანი დღეა, ბევრი სიმბოლიკა ახლავს. "რუსთავი 2" ხომ თავიდანვე როგორც თავისუფლების სიმბოლო, - ასე ჩამოყალიბდა და ადამიანები ამ მიმართულებით ერთმანეთსაც ულოცავენ და ჩვენც გვილოცავენ. გარდა ამისა, ყოველი წლის ბავშვთა დაცვის დღეს, ჩემს თავს ვეკითხები, - გასული წლის ივნისიდან დღემდე დავარღვიე თუ არა ჩემი შვილის უფლება?! თუ დავარღვიე, ვუსურვებ, საკუთარ თავს, შემდეგში ეს არ გავიმეორო. თუკი მას რაიმეს ვუზღუდავ, ვცდილობ, რომ იყოს მართებული, ამაში ჩვენი სტუმრები - ფსიქოლოგები, სპეციალისტები სასარგებლო რჩევებით გვეხმარებიან, რომლებსაც წლის განმავლობაში ეთერში ვიწვევთ. გვეხმარებიან არა მარტო ჩვენს მაყურებელსაც.

ლიზა ქირია, ოთარ ქირიას შვილი:

- დღევანდელმა დღემ ბევრი პოზიტივი მომიტანა, რადგან მართლა საზეიმო განწყობა იყო, რისთვისაც დილის გადაცემის წამყვანები ყველაფერს აკეთებდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია... ადრე ჟურნალისტობა მეც მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგანაც აზრი პროფესიასთან დაკავშირებით ხშირად მეცვლება... ბავშვებს ბედნიერებას, წარმატებას, პოზიტივს ვუსურვებ. ერთ რამეზე კი მწყდება გული, რომ დღეს ჩემი თანატოლები კომუნიკაბელურები არ არიან, არ ეცნობიან უფრო ახლოს გარესამყაროს. ინტერნეტს არიან მხოლოდ მიჯაჭვულები. მინდა, რომ მეტად გახსნილები იყვნენ, არ დამალონ ემოციები და არ ჩაიკეტონ...

მაშო არაბიძე, ანი გიუნტერის შვილი:

- აქ მოვედი იმიტომ, რომ "რუსთავი 2"-ის დაბადების დღეა და ბავშვების დღეც. დედამ თავის სამსახურში მომიყვანა და ასფალტზე დავხატე ყვავილები, ნავი და სახლი... ესენი მომწონს და იმიტომ... დედიკოს სამსახურში მოსვლაც გამიხარდა... ეკრანზე დედას რომ ვუყურებ, ტელევიზორს ვკოცნი ხოლმე.

ანი გიუნტერი, "დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი:

- დღეს ეზოში ბავშვებთან მიწევდა ყოფნა და პოზიტივით ავივსე. ვისაც საშუალება აქვს და ჩვენნაირი უფროსები გყავთ, კარგი იქნება, თუ მშობლები პატარებს 1 ივნისს სამსახურში წაიყვანენ. მე ჩემი ორი შვილით მოვედი, შვილებით მოვიდნენ ჩემი კოლეგებიც. კარგია, თუ ამ დღეს ერთმანეთს შევუთავსებთ დედობას და სამსახურს. ამას ჩვენი შვილები დაინახავენ, გარკვეული პერიოდი იმ გარემოში მოხვდებიან, რომლის გამოც მათ წყდებით ხოლმე. ამ დროს უფრო ადვილი ხდება იმის ახსნა, რომ ბევრი საქმე გაქვს. დღევანდელი დღე საპასუხისმგებლო იყო, მობილიზებას მოითხოვდა. მოკლედ, დღეს მე და ჩემი კოლეგები ვიყავით მშობლები და ჟურნალიტებიც. რაც შვილებთან ერთად, ასფალტზე ფერადად დავხატე, ასეთ მომვალს ვუსურვებ ჩვენს მომვალ თაობას. კარგია, რომ "რუსთავი 2"-ის საშუალებით ბავშვებს საკუთარი ემოციის, სათქმელის გამოხატვის საშსუალება მიეცათ და იყვნენ ბედნიერები.

მოკლედ, ბევრი მიზეზი გვაქვს, ვიყოთ მხიარულები და ლაღები, ყოველი დილა, რომელიც დაიწყება ჩვენთან ერთად, დაე, იყოს ფერადი, ლამაზი და ბედნიერი.

ლიზა სულაბერიძე, ეკა სამხარაძის შვილი:

- ყველაზე მეტად მომეწონა, "რუსთვი 2" დაბადების დღის ტორტის გარშემო რომ ვმღეროდით... მე ვიდეოც გადავიღე, "ფეისბუქზე" ლაივიც ავტვირთე იმისთვის, რომ ეს ამბავი ყველასთვის გამეცნო. ბავშვთა დაცვის დღეს ყველანაირი უფლება აქვს პატარებს, გამოხატონ თავისი აზრი და დაიცვან საკუთარი თავი, იყვნენ თავისიუფლები...

- როგორც ბავშვს, გარშემო რა არ მოგწონს?

- არსებობენ უფროსები, რომელიც ბავშვეს ჩაგრავენ და ეს არ მომწონს. ახლა მაგალითად, გავრცელდა ისეთი ინტერნეტთამაში, ვიღაც უცხო პირები დავალებებს რომ აძლევენ ბავშვებს და ბოლოს თვიმკვლელობას ავალებენ, თუ არ შეასრულებს ამას, მერე ემუქრებიან, - დედას და მამას ან მეგობარს მოგიკლავო. ეს არ მომწონს. გამოდის, ის დიდი ადამიანები ბავშვებს ჩაგრავენ... უნდა ვეცადოთ, რომ არავის მივცეთ უფლება, დაგვჩაგრონ! კიდევ მომწონს, დედიკო რომ ჟურნალისტია და ადამიანებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის, კარგ საქმეს აკეთებს და დღეს აქ რომ ვარ, ესეც დედიკოს დამსახურებაა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი