არტისტი, რომელიც ღვინით ხატავს

არტისტი, რომელიც ღვინით ხატავს

წარმოშობით იაპონელი, ნახევრად ბოლივიელი მხატვარი ედგარ ლიზარაზუ შიოსაკი საქართველოში პროექტმა "ხატე საქართველოსთვის" ჩამოიყვანა. შთაგონება - ღვინის სიყვარული იყო. შიოსაკი ერთ-ერთი იმ მხატვართაგანია, ვინც ტუში, ზეთი და აკრილი დაივიწყა და ფერწერას ღვინით ასრულებს. საქართველოში ყოფნის მესამე დღეს, "შატო მუხრანს ეწვია" და ღვინით ხატვის მასტერკლასი ჩაატარა. "შატოს" ივანე მუხრანბატონის პორტრეტი აჩუქა და ღვინით ხატვის შთაგონებაზე ისაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ ღვინით ხატვა? რამ შთაგაგონათ?

- მრავალი წელი ზეთით და აკრილით ვმუშაობდი. ბოლო დროს გამიტაცა ღვინით ხატვამ. ეს ჩემთვის მხოლოდ ტექნიკა არ არის. ვიდრე ღვინოს არ გავსინჯავ, ფურცელზე გადატანა არ გამომდის. ღვინოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ჩემთვის ის შთაგონების წყარო და უდიდესი სიამოვნების განცდაა. ღვინო ნამდვილი შემოქმედებაა - როდესაც რომელიმე ქვეყნის ღვინოს სვამ, ამ ქვეყნის ისტორიას და კულტურას ეზიარები. ქართული ღვინო ღვთაებრივია, ისევე როგორც ისტორია და კულტურა.

- ალბათ ბევრს მოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყნებში, რომელი ქვეყნის ღვინო მოგწონთ?

- დიახ, ბევრს ვმოგზაურობ და ჩემთვის აღმოჩენაა, რომ არცერთი ქვეყანა არ ჰგავს ერთმანეთს ღვინის კულტურით. ვერ შევადარებ, მაგალითად, იტალიურ და ქართულ ღვინოებს. ერთსადაიმავე სახეობას სხვადასხვა ქვეყანაში სრულიად განსხვავებული გემო და ფერი მოაქვს. საკმაოდ რთულია ღვინით ფერებზე მუშაობა. არასდროს იცი, როგორი იქნება ფერთა გამა შენს ნახატზე, ფურცელს და მის ტექსტურასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საბოლოო ფერი 2 თვის შემდეგ ჯდება. ნამუშევრებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მზის სხივებზე მათი გაჩერება არ შეიძლება.

- რამდენი ფერის მიღება შეგიძლიათ ღვინით?

- ღვინით შეგიძლია ისეთი ფერიც კი მიიღო, როგორიცაა მომწვანო-მოლურჯო, სტაფილოსფერი, იასამნისფერი, ვარდისფერის სხვადასხვა ტონალობები. ღვინით ხატვას წყლის საღებავებით ხატვას ადარებენ. ტექნოლოგია ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ღვინით ხატვა ძალიან სფეციფიურია. რამდენიმე ფუნჯს ვიყენებ, სპეციალურად ვარჩევ ფურცელს და ღვინოებს. ის ფერები, რომელსაც ღვინით ვიღებ, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია. მანამდე ბევრი სხვა ტექნიკაც მიცდია. ვიდრე ღვინით ხატვა გამიტაცებდა, ვცადე ფერების მიღება ყავით, ვისკით, რომელსაც ვურევდი თამბაქოში. ღვინის ფერებმა ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა. ეს იყო ავსტრალიაში. მას შემდეგ, ბევრი ქვეყანა მოვიარე. საქართველოში ყოფნის გამოცდილებას კი სიამოვნებით გავიმეორებ.

***

ფესტივალს "ხატე საქართველოსთვის" მხარს უჭერს "თიბისი ბანკი". პროექტის ფარგლებში საქართველოს 24 მხატვარი ეწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ მიერ საქართველოში შექმნილი ნამუშევრების სრული კოლექცია ედგარ ლიზარაზუს ღვინის არტთან ერთად 26 მაისს მცხეთის ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეშ გამოიფინა, ხოლო 27 მაისს - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი