12 წლის თამარ ედილაშვილი საზოგადოებამ "იქს ფაქტორიდან" გაიცნო. თამარმა პროექტის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა და პირველ ლაივ-კონცერტზე მაყურებლის რჩეულიც გახდა. თამარი ბავშვობიდან მღერის, თუმცა თვითნასწავლი მომღერალია. Ambebi.ge 12 წლის მომღერალს ესაუბრა:
- როგორც მამა მეუბნება, 2 წლის ასაკიდან ვმღერი, თვითნასწავლი მომღერალი ვარ. დედა მღეროდა და სიმღერის ნიჭი სწორედ მისგან გამომყვა. როცა მშობლები მიხვდნენ, რომ კარგად ვმღერი და მიყვარს სიმღერა, დათო ფორჩხიძის სტუდიაში მიმიყვანეს. რაც შეეხება "იქს ფაქტორს", არასოდეს მიფიქრია დიდ სცენაზე გასვლაზე, სკოლის ღონისძიებებზეც კი არ მიმღერია. ჩემმა მშობლებმა მითხრეს, კასტინგზე მიიღე მონაწილეობაო, მომეწონა მათი აზრი და ფილარმონიაში მივედი. სანამ სცენაზე გავიდოდი, ვიკითხე, განათება ხომ ჩემსკენ იქნება-თქო, არ მინდოდა ხალხი დამენახა, რადგან უამრავი ადამიანი იჯდა დარბაზში. როცა გავედი სცენაზე, ძალიან ვინერვიულე, იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, კარგად მემღერა, საბედნიეროდ გამომივიდა და პროექტში მოვხვდი. სახლში როცა დავბრუნდი, მამა და დედა ისეთი გახარებულები იყვნენ, წვეულება მოაწყვეს.
- ყველაზე მეტად რომელ ტურში ინერვიულე?
- ყველაზე მეტად ორი სკამის ტურზე ვინერვიულე. ვერც კი გავიაზრე ჩემს კატეგორიაში, თითქმის ერთი ასაკის ბავშვები რომ ვიყავით. მეგონა გრიგოლს და ერთ დიდ კონკურსანტს დატოვებდა ჩემს გუნდში. როცა გავიგონე, რომ გიორგიმ პროექტში დამტოვა, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. არ ვიცოდი ჩემი სიხარული როგორ გამომეხატა.
- გრიგოლს ძლიერ კონკურენტად მიიჩნევ?
- რა თქმა უნდა, გრიგოლი იმის გარდა რომ კარგად მღერის, ცეკვავს და ქარიზმატული ადამიანია. შესაბამისად, ძალიან ძლიერ კონკურენტად მიმაჩნია.
- მეგობრობთ თქვენ და გრიგოლი?
- გრიგოლს პროექტამდე არ ვიცნობდი. კასტინგზე გავიცანი, აღმოჩნდა, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ და დავმეგობრდით. 11 მაისს 12 წლის გავხდი და ჩემს დაბადების დღეზეც იყო სტუმრად.
- პირველი ლაივ-შოუს სმს-ლიდერი ხართ, ელოდით ხალხისგან ასეთ მხარდაჭერას?
- ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხალხს ასეთი მხარდაჭერისთვის. არ ველოდი ლიდერობას, ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია. ვიცი, რომ ყველა კონცერტზე უკეთესად უნდა ვიმღერო.
- ლელა წუწრუმიამ სოფო ნიჟარაძის ბავშვობას მიგამსგავსათ, როგორ ფიქრობთ გავხარ სოფოს?
- მე არ ვიცი როგორი იყო პატარა სოფო, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. ის სოფო, რომელსაც მე ვიცნობ, ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი მომღერალია. შესაბამისად სასიამოვნოა ლელა წურწუმია მას თუ მამსგავსებს.
- გიორგი გაბუნია მკაცრი მენტორია?
- გიორგი არაჩვეულებრივი მენტორია. შეიძლება თქვენ არ გჯერათ, მაგრამ ის ისე მუშაობს ჩემთან და გრიგოლთან, თითქოს ჩვენი ასაკის არის. უშუალო და კარგი ადამიანია, რომელიც რეპეტიციებზე მუდმივად ჩვენთან ერთად არის და გვგულშემატკივრობს.
- სიმღერის გარდა, რას აკეთებთ?
- ვსწავლობ. მიყვარს ხატვა. გატაცებული ვარ კომპიუტერული პროგრამებით.
- სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. თამაშის "ლურჯი ვეშაპის" შესახებ, გქონია შეხება ამ თამაშთან?
- გამიგია ამ "ლურჯი ვეშაპის" შესახებ, მაგრამ არც მე და ჩემს ირგვლივ მყოფ არცერთ ბავშვს შეხება არ გვქონია. მე უფრო ცხრილების შესახებ ვიღებ ინტერნეტით ინფორმაციას და იმას ვკითხულობ კომპიუტერში, რაც წიგნში არ არის.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge