"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის გარეშე აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გადაყვანა ვერ განხორციელდებოდა" - აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მუსტაფაევას თქმით, მისი მეუღლის პასპორტი თბილისში, სახლში აქვს. "მივმართავ ქართველ სამართალდამცველებს კითხვით: "როგორ შეიძლება ადამიანმა სახელმწიფო საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთოს?", - განაცხადა მუხთარლის მეუღლემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სამართალდამცველები არ აწვდიან მას ვიდეოჩანაწერს იმ ადგილიდან, სადაც აფგან მუხთარლის დაკავება მოხდა და არც მისი აყვანის ადგილს ასახელებენ.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია.
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს.