პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური აღარ ხელმძღვანელობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა, პატრიარქის დაცვის უფროსის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, შერჩეულია ორი კანდიდატი და კონსულტაციები უწმინდესთანაც გაიმართება.
ჩუბინიძე არ აკონკრეტებს რა გახდა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის შეცვლის საფუძველი, თუმცა აღნიშნავს, რომ ბუჩუკური კარგი თანამშრომელია და მუშაობას კვლავ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განაგრძობს.
"ეს არის ძალიან ნორმალური პროცედურა, იცვლება დასაცავი ობიექტი. მოხარული ვართ, რომ ზურა რჩება ჩვენს რიგებში. ის ძალიან კარგი თანამშრომელია. უახლოეს ხანში დაიკავებს ახალ თანამდებობას. ახლა არ მსურს ამის დასახელება. რაც შეეხება პატრიარქის დაცვის სამსახურს, არსებობს ორი კანდიდატურა, მაგრამ აღნიშნულის შესახებ პატრიარქსაც ვკითხავთ აზრს", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.