საკაბელო ოპერატორები კომპანია "მედია რაითს ჯორჯიას" მოთხოვნიდან გამომდინარე, პარლამენტს, ბიზნესომბუდსმენს, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავენ.
სავაჭრო ცენტრ "მეგალაინის" საკონფერენციო დარბაზში, დღეს საკაბელო ოპერატორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაახლოებით, 30-მდე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, მათ შორის, მსხვილი საკაბელო ოპერატორები დაესწრნენ.
როგორც საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემაა ქართული ტელეარხების კომერციულ დისტრიბუციასთან დაკავშირებული საკითხები.
"საკაბელო ოპერატორებმა თავისი შეხედულებები გამოთქვეს. არც ერთი მათგანი არ ეთანხმება კომპანია "მედია რაითს ჯორჯიას" მოთხოვნას ქართული ტელეარხების ტრანზიტის საფასურის დაწესებასთან დაკავშირებით. დავიწყებთ მუშაობას მემორანდუმზე, შევთანხმდებით რა საკითხები უნდა იყოს მასში მითითებული. მემორანდუმი მოიცავს იმ საკითხებს, თუ რას დაუპირისპირებენ მაუწყებლობის ტრანზიტზე არსებული პირები კომპანია "მედია რაითს ჯორჯიას" მოთხოვნებს", - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.
მისივე თქმით, "მედია რაითს ჯორჯიადან" მიღებული ბოლო წერილის თანახმად, ირკვევა, რომ ის ითხოვს საფასურს მაუწყებლობის ტრანზიტისთვის და არა გადახვევა-დაპაუზებისთვის, როგორ ამას თავიდან აცხადებდნენ.
"მათი მოთხოვნაა, რომ ერთი მოწყობილობისთვის უნდა მოხდეს 4 ლარის გადახდა დღგ-ს გარეშე, შესაბამისად, თანხა უფრო იზრდება, რადგან აბონენტიდან თანხის აღება ხდება დღგ-ს ჩათვლით. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გადაიხედოს სავალდებულო ტრანზიტის პირობები, ამისთვის მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა შეიმუშაოს საკანონმდებლო ინიციატივა და აუცილებლია შეიცვალოს ე.წ. Must Carry-ის პრინციპი, ვინაიდან არსებული ფორმით ის კაბალურ პირობებში აყენებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს. ის მორგებულია მხოლოდ მაუწყებლებზე და მათ ინტერესებზე. მათ აქვთ უფლება, როცა უნდათ მოსთხოვონ საკაბელო ოპერატორებს ჩართვა, როცა უნდათ, შეუწყვიტონ, როცა უნდათ ფასი მოითხოვონ, შესაბამისად, აუცილებელია დაზუსტდეს, როდის, ვის და რამდენი უნდა გადაუხადოს", - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.
მისივე თქმით, საკაბელო ოპერატორები მიმართავენ კონკურენცის სააგენტოს, რადგან იკვეთება რამდენიმე ეკონომიკური აგენტი არაკონკურენტულ მდგომარეობაშია ჩაყენება.
"ასევე უნდა ჩაერთოს ბიზნესომბუდსმენი, რადგან აქ საუბარია კომპანიებზე, რომლებიც ქმნიან, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ სახელმწიფოსთვის. კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რადგან მათ ეს ბოლო შეთავაზება შეისწავლონ", - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.
კითხვაზე - ხომ არ შეწყვეტენ საკაბელო ოპერატორები აღნიშნული 6 ქართული არხის ჩვენებას, თეონა ბერუაშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი დღესაც იყო.
"მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები ემხრობიან, რომ ეს არხები გაითიშოს და სწორედ ამაზე შეიძლება შედგეს მემორანდუმი, რომ ყველა მოთამაშე, დიდიც და პატარაც, შეთანხმდნენ, რომ გაითიშოს ეს არხები მათი ქსელებიდან, თუ დადგება საკითხი და მათ ტელევიზიებიდანაც მიუვათ წერილები, რომ თუ თანხას არ გადაიხდიან, ეს არხები უნდა გათიშონ", - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.
რამდენიმე კვირის წინ რამდენიმე ათეულ საკაბელო ოპერატორს შპს "მედია რაითს ჯორჯიასგან" წერილი მიუვიდა, რომლის თანახმადაც, კომპანია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებდა ექსკლუზიურ უფლებას სამაუწყებლო არხების - "იმედი", "რუსთავი 2", "ჯიდიესი", "მარაო", "კომედი არხი", "მაესტრო" კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.
წერილში "მედია რაითს ჯორჯია" ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. ამის შემდეგ კომპანია "სილქნეტმა" აბონენტები საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ გააფრთხილა.