"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" ინფორმაციით, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბოლოს, 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს.
"ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. მობილური გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ. აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს.
2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად. აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს", - აცხადებენ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში".
ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას თქმით, მისი ქმარი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ ქართველ სამართალდამცველებს მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული ჟურნალისტის სამძებრო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. უწყებაში შესაბამისი განცხადება მუხტარლის ოჯახის წევრის მხრიდან დღეს შევიდა.
"მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით. დღეს შემოვიდა განცხადება და შესაბამისად, დავიწყეთ ძებნა", - აღნიშნავენ უწყებაში.