ქობულეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლები ორი წლის წინ მომხდარი შემთხვევის ხელახალ გამოძიებას, მათ შორის, ცხედრების ექსჰუმაციას ითხოვენ და პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.
როგორც მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, არადამაჯერებელია ვერსია სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელის ზაზა ართმელიძის თვითმკვლელობის შესახებ.
"ძალიან არადამაჯერებელია ჩვენთვის ამ ადამიანის თვითმკვლელობა. ადამიანმა თითქმის მილიონ-ნახევრიანი ქონება დაკარგა, 3 არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა დაატყდეს ადამიანს?! რატომ მაშინ არ მოიკლა თავი? იძულებული გახადეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს", - აცხადებენ მშობლები.
მათივე თქმით, პროკურატურის წარმომადგენლები ართმელიძეს მშობლებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველები ხელს აფარებენ პედაგოგებს, ვინც ბავშვების მიმართ უყურადღებობა გამოიჩინეს.
"უნდობლობას ვუცხადებთ აჭარის პროკურატურას და სასამართლოს. მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ვთხოვთ, სამი დღის განმავლობაში მიგვიღოს და ექსჰუმაციიდან დაწყებული, თავიდან გამოიძიონ ეს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახთან ერთად პროკურატურასთან შიმშილობას დავიწყებ", - განაცხადა ხანძრის შედეგად დაღუპული თორნიკე ხვიჩიას მამამ ელგუჯა ხვიჩიამ.
მშობლები აცხადებენ, რომ დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, რა დაემართა მათ შვილებს - მართლა ხანძრის შედეგად დაიღუპნენ თუ არა.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ართმელიძე გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ზაზა ართმელიძე იმ სასტუმროს მფლობელია, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა.
წაიკითხეთ ასევე: რა წერილი დატოვა სასტუმრო "არმაზის" მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობამდე