ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" მფლობელების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ზაზა ართმელაძემ წერილი დატოვა. ოჯახი წერილს ასაჯაროვებს.
სამგვერდიან წერილში ზაზა (ჯემალ) ართმელაძე როგორც "არმაზში" ორი წლის დატრიალებულ ტრაგედიაზე, ისე ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ მისთვის ძნელია ამ ყველაფრის ატანა.
"იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას.
ჩემი ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ვასრულებდი პირნათლად იმ ტურისტულ საქმეში, რითაც ოჯახი იყო დაკავებული. რაც ევალება ალბათ, ოჯახში მამას, კაცს. საქმის ვითარება სამწუხაროდ, ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება!
იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ", - წერს ზაზა ართმელაძე და ხაზს უსვამს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით ოჯახს უნდა წაერთვას ისიც, რაც დარჩა.
"ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე.
მადლობა ყველას დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ილოცეთ ჩემთვის", - აღნიშნავს ზაზა ართმელაძე.
ზაზა ართმელაძე გარდაცვლილი დამწვარ სასტუმროში გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც ცნობილია, ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზში" 2 წლის წინ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის სამი წევრი, 10 წლამდე ბავშვები ემსხვერპლა.