30 მაისს 19:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალზე პროექტის "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" ფარგლებში გერმანელ მწერალთან ფოლკერ შმიდტთან ლიტერატურული საღამო გაიმართება.
ფოლკერ შმიდტი - მწერალი, რეჟისორი და მსახიობი 1976 წელს ავსტრიაში დაიბადა. დაამთავრა ვენის კონსერვატორია. თამაშობდა ბერლინის, ვენის, გრაცის თეატრებში, გადაღებულია რამდენიმე ფილმშიც. როგორც რეჟისორი, შმიდტი დგამს სპექტაკლებს სხვადასხვა სცენაზე: ვენის თეატრალური ფესტივალი, სახელმწიფო თეატრები ჰანოვერში და ბრაუნშვაიგში, წმ. გალენის თეატრი, მაგდებურგის თეატრი, ბერლინის ნოიკოლნის ოპერა, ვენის "Schauspielhaus", ლატვიური ნაციონალური თეატრი რიგაში, გერმანული სახელმწიფო თეატრი ტემესვარში, ასევე კოპენჰაგენის, მოსკოვის, სკოპიეს და ბუტანის თეატრებში. 2002 წლიდან ფოლკერ შმიდტმა დრამატურგიაში გადაინაცვლა. მისი პიესები დაიდგა სხვადასხვა თეატრში: ჰაიდელბერგის თეატრი, ჰანოვერის სახელმწიფო თეატრში, ლაიპციგის "Schauspiel"-ში, ინგოლსტადტის თეატრში, ვენის "Schauspielhaus"-სა და სახალხო თეატრში.
ფოლკერ შმიდტს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: ჟიურის და ხალხის რჩეულის პრიზი "ჰაიდელბერგ შტუკერმარკტის" ფესტივალზე პიესისთვის "მთის ბაიკერები და ბერლინის ბავშვთა თეატრის პრემია. იყო რამდენიმე ფესტივალის მიწვეული სტუმარი - ბერლინის თეატრალური შტუკერ მარკტი, სანტიაგო დე ჩილეს დრამატურგიის ფესტივალი და მოსკოვის "ნეტ" ფესტივალი. ავტორის პიესები 11 ენაზეა თარგმნილი და დადგმულია მსოფლიოს მრავალ ქალაქში უტრეხტიდან ნოვოსიბირსკამდე.
29 მაისიდან 3 ივნისამდე გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი და საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში ერთობლივად ახორციელებენ პროექტს "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე", რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
პროექტის "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" ავტორი და კურატორია ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი.
ეს პროექტი ქართველი და გერმანელი მწერლების შეხვედრებსა და მათ აქტიურ თანამშრომლობას ემსახურება. 2018 წელს ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება. სწორედ ამ დიდი და საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იმართება ორი ქვეყნის მწერლების გაცნობა, ერთობლივი საუბრები კითხვები და რეზიდენციები. თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი (29.05.-03.06.2017) ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. პროექტით დაგეგმილია ლიტერატული საღამოები გერმანიიდან ჩამოსულ ცნობილ მწერლებთან: კატია ლანგე-მიულერთან, კლემენს მაიერთან, ულა ლენცესთან, ფოლკერ შმიდტთან, ოლგა გრიაზნოვასთან და კატია პეტროვსკაიასთან. ლიტერატურული საღამოების გარდა, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება ორი პანელ-დისკუსია "ევროპა, როგორც იდეა" და "Angry White Man".
პროექტი "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" მხოლოდ ფესტივალის დატვირთული პროგრამით არ შემოიფარგლება. 6 გერმანელი და 6 ქართველი ავტორი "დაწყვილდებიან" და ქვეყნის გაცნობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ერთად იმოგზაურებენ. ამ ერთობლივი რეზიდენციების, ურთიერთგაცნობისა და იმპულსების გაცვლის შედეგად პროექტში მონაწილე ავტორები იმუშავებენ ტექსტებზე, რომლებიც 2018 წელს გერმანულ გამომცემლობაში წიგნის სახით გამოიცემა, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე კი მოხდება ამ წიგნის პრეზენტაცია. ამის გარდა, ასევე იგეგმება ამ ავტორების ერთობლივი პრეზენტაციები გერმანიაში ლიტერატურის ფესტივალებსა და სხვადასხვა პროგრამებში.
ამგვარად, გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობებისთვის ეს პროექტი, რომლის ავტორი და კურატორი ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილია, თავისი შინაარსით მრავალმხრივ სასარგებლო და მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მწერლობის, ისე საქართველოს, როგორც ქვეყნის წარსადგენად.
30 მაისი, სამშაბათი, 19:00, სამეფო უბნის თეატრი, აბესაძის ქ. 10 შეხვედრა ფოლკერ შმიდტთან;
მოდერატორი დავით გაბუნია.
ენა: ინგლისური/ქართული
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო,
"საქართველო-გერმანიის წლის" PR-მენეჯერს მზეხა მახარაძეს
ტელ.: 593 59 28 72, ელ. ფოსტა: mzekhamakharadze@gmail.com