ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად 1 ივნისს დაინტერესებული მკითხველი წმინდანების შესახებ "თვენის" მე-19 წიგნსაც იხილავს. ამჯერად რედაქცია ივლისის თვეში მართლმადიდებელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით მოხსენიებული წმინდანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებზე მუშაობს. თითოეული ტომი ერთ დეკადას მოიცავს და მასზე მუშაობა ძალიან შრომატევადია. დაახლოებით წელიწადნახევარში დღის სინათლეს წმინდანთა ცხოვრების შესახებ "თვენის" სულ 36 ტომი იხილავს. პროექტის ავტორი და რედაქტორი თამარ მამაცაშვილია. წიგნების შედგენაზე კი კახაბერ კენკიშვილი, სოფიო თავაძე და მანანა ტუაევა მუშაობენ. ამ გამოცემის მნიშვნელობაზე ჩვენ მის ავტორებს და სასულიერო პირებს ვესაუბრეთ.
ჟურნალ "კარიბჭის" რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი:
"თვენში" მთელი ეკლესიის ისტორია კალენდარული თანმიმდევრობით არის დალაგებული. ამიტომაც ჰქვია "თვენი". წმინდანთა ცხოვრების გამოცემა ძველი სტილით იანვრის თვიდან დავიწყეთ. თითოეულ წიგნში 10 კალენდარული დღეა შესული. დღეების შესაბამისად, ახლა ივლისის თვის წმინდანთა ცხოვრების შესახებ ვმუშაობთ.
ფასეულობები იცვლება და სულიერებისგან დაცლილი საზოგადოება გაოგნებულ მდგომარეობაშია, დაბნეულია, ვეღარ გარკვეულა, რა სახის ადამიანები არიან მისაბაძი? მასმედიის საშუალებები ხშირად ისეთ პიროვნებებს წარმოაჩენენ დღევანდელობისთვის სამაგალითოდ, რომ აშკარაა - ღირსება, სიწმინდე, თავდადება, ერთგულება, სიყვარული - ეს მარადიული ღირებულებები დღეს აღარაფრად უღირთ. ამ გამოცემაში, "თვენში", მკითხველი იპოვის იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება საზოგადოებისთვის ჭეშმარიტად სამაგალითო და მისაბაძი იყოს.
ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ეს არის საუკუნის გამოცემა. ასეთი სრულფასოვანი წმინდანთა ცხოვრება ბევრი ქვეყნის ეკლესიას არ აქვს. მეათე საუკუნეში არსებობდა გიორგი მთაწმინდელის წმინდანთა ცხოვრება - "თვენი". მას შემდეგ მხოლოდ მცირე კრებულების სახით იყო გამოცემული. განახლება და შევსება არ მომხდარა.
ასევე, რუსეთის ეკლესიას აქვს წმინდა დიმიტრი როსტოველის მიერ შედგენილი "წმინდანთა ცხოვრება". მასში ნაწილობრივ ქართველი წმინდანებიც იყო შესული. ბერძნულ ენაზე კი გამოცემულია წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სვინაქსარი - "წმინდანთა ცხოვრება".
გიორგი მთაწმინდელის "თვენი", დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრება" და ნიკოდიმოს მთაწმინდელის "სვინაქსარი", რომლის განახლებული ვერსია გამოიცა ახლახანს ათონზე - შევაჯერეთ, გავაერთიანეთ. ჩვენს გამოცემაში შევა მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა ცხოვრებანი განაგრძეთ კითხვა