ზაზა ართმელაძეს ვიცნობდით, როგორც დადებით და შრომისმოყვარე პიროვნებას და არსებობს ვარაუდი, რომ ის საბანკო დავალიანებამ და სასტუმროში დატრიალებულმა ტრაგედიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განუცხადა.
მისი თქმით, თავდაპირველად ოჯახს ცხედრის პროზექტურაში გადაყვანა არ სურდა, თუმცა შემდეგ სამართალდამცველებს ამის ნება დართეს.
ბაკურიძის ინფორმაციით, ოჯახს სასტუმროს დაწვამდე დაახლოებით 200 000 ლარის ოდენობის ბანკის ვალი ჰქონდა, შემთხვევის შემდეგ კი კიდევ 150 000 ლარი დავალიანება დაუგროვდათ.
"დამწვარ სასტუმროსთან რომ მოვედი, ადგილზე დამხვდა ძალიან ბევრი ადამიანი. გავიგე, რომ ოჯახი უარს ამბობდა ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანაზე. ადგილზე მობილიზებული იყო ქობულეთის სამართალდამცავი ორგანოები. ოჯახი დაარწმუნეს, რომ საჭირო იყო ექსპერტიზის ჩატარება.
ამ ოჯახს 20 წელია ვიცნობ და მხოლოდ ის ვიცი, რომ მათ საკუთარი პატიოსანი შრომით შექმნეს ის, რაც გააჩნდათ. სახლის დაწვამდე მათ ბანკის ვალი ჰქონდათ 200 000 ლარამდე, სასტუმროს დაწვის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით, კიდევ 150 000 ლარი დაემატათ. ცნობილია, რომ ქობულეთში ასეთი ვალი ძალიან ბევრს აქვს. ზაზა ართმელაძეს ვიცნობდით, როგორც დადებით და შრომისმოყვარე პიროვნებას. დასადგენია, რეალურად რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, მაგრამ პირველადი ინფორმაცია არის ის, რომ საბანკო დავალიანებამ და მის სასტუმროში დატრიალებულმა ტრაგედიამ ჩაადენინა ეს", - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
ქობულეთელები სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა (ჯემალი) ართმელაძის გარდაცვალების შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, ართმელაძე ჩამომხრჩვალი ხანძრისგან დამწვარ სასტუმროში იპოვეს.
მათივე განმარტებით, სასტუმროში ხანძრის გაჩენის შემდეგ ოჯახის წევრები ზღვის პირას მდებარე კაფეში ცხოვრობდნენ.
"სასტუმროს დაწვის შემდეგ აღარაფერი ჰქონდათ. ისინი ორი წლის განმავლობაში ზღვის პირზე მდებარე პატარა კაფეში ცხოვრობდნენ. სციოდათ, პრობლემები ჰქონდათ, ბანკის ვალები ჰქონდათ. ვაჟკაცი კაცი იყო ეს ბიჭი და ამდენს სტრესს და პრობლემას, როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი დამწვარ სასტუმროში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ზაზა ართმელაძე იყო, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.