შოკისმომგვრელი, ბრუტალური და შთამბეჭდავი Xiu Xiu თბილისში!

შოკისმომგვრელი, ბრუტალური და შთამბეჭდავი Xiu Xiu თბილისში!

საკულტო ამერიკელი ხელოვანისა და მულტიინსტრუმენტალისტის, მუსიკალურ გამოცემა Pitchfork-ის მიერ "ანდერგრაუნდის შესანიშნავ ანომალიად" წოდებული ჯეიმი სტიუარტის ექსპერიმენტალური პროექტი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის 2000-იანი წლების თანამედროვე ჟღერადობის შექმნაში.

Xiu Xiu 2001 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც კლუბიდან მარტო გამოსული ჯეიმი ფიქრობდა "ყველა უბედურებაზე, რაც მის თავს ხდებოდა". მოგვიანებით ის ამბობს, რომ ჯგუფის მუსიკასა და კონცეფციაზე დიდი გავლენა კალიფორნიის პირატულმა რადიოებმა იქონია, სადაც ჰაუსს, ფრისტაილს და ტექნოს უსმენდა. მისი აზრით, ეს მუსიკა ცეკვაში სევდისგან დაცლის მუსიკაა, რამაც განაპირობა მისი პროექტის მძიმე და ტრაგიკული ჟღერადობა. გარდა ამისა, ჯეიმი ინსპირაციას იღებდა ბრიტანული პოსტ-პანკის, თანამედროვე კლასიკური მუსიკის, ნოიზის, აზიური პერკუსიების, ამერიკული ფოლკლორისა და 50-იანი წლების როკენროლისგან.

შთაგონების მრავალფეროვანი წყაროები სათანადოდ აისახა Xiu Xiu-ს 15-წლიან შემოქმედებაში, რომელიც სხვადასხვა ჟანრებს, მუსიკოსებსა და პროდიუსერებს შორის მუდმივი მოგზაურობაა - როკი, ელექტრონული, საორკესტრო და ინდუსტრიული მუსიკა, ნოიზი და სინთპოპი ის ჟანრებია, რომელთა შორისაც სტიუარტი გამუდმებით ეძებდა საკუთარ, უნიკალურ ჟღერადობას. ტექსტები კი ეხება ოჯახს, პოლიტიკას, სექსს, სიყვარულს, მარტოობასა და სუიციდს და წარმოაჩენს მათ ურთიერთმიმართებას.

Xiu Xiu-ს შემოქმედებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შოკისმომგვრელი, ბრუტალური, პერვერტული, შთამბეჭდავი და უნიკალური. სტიუარტს თანამედროვე მუსიკის გენიოსს უწოდებენ.

"მუზამეს მთავარი ამოსავალი წერტილი სწორად ის არის, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ არამეინსტრიმულ ჯგუფებზე, არამეინტრიმულ არტისტებზე, ისეთ არტისტებზე რომელსაც შეიძლება ნაკლები მსმენელი ყავდეს მთელს მსოფლიოში, თუნდაც საქართველოში მაგრამ საკმარისი იყოს იმისთვის, რომ კონცერტი ჩატარდეს. შეიძლება არ ყავდეს ბევრი მსმენელი, თუმცა უდიდესი წვლილი მიუძღოდეთ თანამედროვე მუსიკაში.

ამ კუთხით "შიუ შიუ" არის ჯგუფი, რომელსაც უდიდესი როლი უჭირავს თანამედროვე მუსიკაში. ჯეიმი სტიუარტი არის არტისტი, რომელმაც ჯგუფი თავის ყველაზე ცუდ პერიოდში ჩამოაყალიბა და მისი მთავარი ინსპირაცია მისი ცხოვრების ტრამვებია, რომელიც ხდებოდა და ახლაც ხდება მის გარშემო. როგორც მან ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხრა, მას ბავშვობაში ხშირად სმენოდა კავკასიის შესახებ და დაახლოებითი წარმოდგენა ქონდა საქართველოს შესახებ. ძალიან სასიხარულო ამბავია ის, რომ შიუ შიუს ლაივი თბილისში ჩაიწერება ოფიციალურად, მოხდება აუდიო ჩანაწერის გაკეთება და გამოიცემა როგორც xiu-xiu in tbilisi" - გიორგი კიკონიშვილი (პროექტ "მუზამეს" წარმომადგენელი).

Xiu-xiu-ს კონცერტი Space hall-ის სივრცეში 27 მაისს გაიმართება და ბილეთის ფასი 20, 30 და 40 ლარი იქნება.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება