ამ წყვილს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იცნობდეს, მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეული წარმატება მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი რომ იყოს.
გოგიტა არქანია ერთადერთი ქართველია, რომელიც კარატეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს, ხოლო მისი მეუღლე, თათია მელუა ერთადერთი ქართველი ლიცენზირებული მსაჯია, რომელსაც აქვს უფლება, კარატეში მსოფლიო ჩემპიონატი განსაჯოს.
როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი, როგორ მიაღწიეს წარმატებას და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, გოგიტა და თათია თავად გვიამბობენ.
თათია მელუა:
-7 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე. კარატეზე ჩემს ძმასა და მეგობრებთან ერთად მივედი. ჩემი პირველი მწვრთნელი გრიგოლ დარჩიაშვილი იყო. პირველ შეჯიბრებაზე 7 წლისა გავედი და მესამე ადგილი ავიღე. იმდენად გახარებული ვიყავი, მედალსა და დიპლომს ყველგან თან ვატარებდი. დიპლომის უკანა მხარეს ჩემი გუნდის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების მილოცვები მეწერა. ერთ წელში პირველი ოქროს მედლის მფლობელი გავხდი.
-შენ ხარ ადამიანი, რომელმაც სტერეოტიპი -`კარატისტი გოგო~ დაამსხვრიე. ოჯახის წევრები ხომ არ აპროტესტებდნენ?
-მშობლებმა კარატეზე თავად მიმიყვანეს, მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა მქონდა, მაგრამ ამ ამბავს ძალიან აპროტესტებდა გურული დიდი ბებია. საოცრებებს მეუბნებოდა: -გოგო რომ ტლინკებს აყრის, იგი რაფერ გათხოვდებაო? კარატეს `კარატას~ ეძახდა. ერთ-ერთი შეჯიბრებიდან დაბრუნების შემდეგ, ბებიამ ვიდეო რომ ნახა, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ ძლიერად მომხვდა, -ა, ასე გინდა შენ, მეტის ღირსი ხარო. ის ბებო ახლახან გარდაიცვალა, ეს სიმწარე არ დამავიწყდება. განსაკუთრებულად მიყვარდა და მასაც ასევე ვუყვარდი. მეორე ბებია, დედის მამიდა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა, ყოფილი სპორტსმენი იყო. ის იმ შეჯიბრებებზეც კი დადიოდა, რომლებზეც მე არ გამოვდიოდი.
-კარატე შენთვის უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ბავშვური გატაცება. შენს მიღწევებზე მიამბე.
-წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. გამოვდიოდი ტურნირებზე, მქონდა ძალიან ბევრი წარმატება. ევროპის სამგზის, მსოფლიოს სამგზის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ.
ბავშვის გაჩენის შემდეგ მქონდა დროებითი პაუზა. 2 წელი ვეღარ ვვარჯიშობდი, წონაშიც მოვიმატე, ჩემი თავი აღარ მომწონდა. დავიწყე ვარჯიში და 12 კილო უკვე დავიკელი. ახლა ჩემპიონატებზე აღარ გამოვდივარ. ბავშვებს ვასწავლი. საქართველოში ერთადერთი ვარ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობის უფლება მაქვს. მსოფლიო ლიცენზია ნოემბერში ავიღე, რამდენიმე თვის მერე -ევროპის ჩემპიონატის ლიცენზიაც. ახლა გამოცდები კიდევ უნდა გავიარო, რომ მაღალ საფეხურზე ავიდე. ევროპის ჩემპიონატის მსაჯობის ლიცენზია საქართველოში ჩემ გარდა 2 მსაჯს აქვს.
გოგიტა არქანია:
-აფხაზეთიდან ვარ, დევნილობის შემდეგ ოჯახთან ერთად ზუგდიდში ვცხოვრობდი. სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, კარატეს წრე გაიხსნა. პირველ შეკრებაზე 100 ბავშვი ვიყავით და ყველაზე ბოლოში ვიდექი. თავდაპირველად, მწვრთნელი ჩემზე დიდი იმედს არ ამყარებდა, მაგრამ ძალიან მოვინდომე. დაუღალავი შრომის შედეგად, იმ ჯგუფიდან და იმ რეგიონიდან კი არა, დასავლეთ საქართველოდან მარტო მე დავრჩი, რომელიც ამ საქმეში პროფესიულ დონეზე ჩაება. მაშინ კარატე არაოლიმპიური სპორტის სახეობა იყო, ყველას ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა, ქვეყანაში დიდი გაჭირვება იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდი. სულ ვშრომობდი, ვარჯიშიდან გამოსული, სახლში მისვლის შემდეგ, კიდევ ვვარჯიშობდი.
-პირველად თავი წარმატებულად როდის იგრძენი?
-ზუგდიდში შიდა რეგიონული ტურნირი ჩატარდა, მესამე ადგილზე გავედი. მერე მქონდა უფრო კარგი გამოსვლები, სხვადასხვა ტურნირზე მედლებს ვიღებდი, მერე საქართველოს ჩემპიონი გავხდი... განაგრძეთ კითხვა