2017 წლის 1-ელი ივნისიდან ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას "მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი" ამოქმედდება.
ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ, "რადიო პალიტრას" გადაცემაში "საქმე" ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა, ამიერიდან ეს ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსაც (საკრედიტო კავშირებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს) დაეკისრება.
"ახალი წესის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია მომხმარებლებთან სესხის ამოღებისას ურთიერთობის ეთიკის კოდექსი შეიმუშაოს. ეს კი ნიშნავს, რომ უფრო ეთიკურად უნდა მოექცნენ მომხმარებელს. ყოფილა შემთხვევები, როცა მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად იქცევა, იმალება, თანხას არ იხდის, მაგრამ ამ შემთხვევაში მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები უნდა გატარდეს. ორგანიზაციას სრული უფლება აქვს იურიდიულად ედავოს, მაგრამ არა მუქარით. ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ ორგანიზაციის თანამშრომელმა უნდა დაურეკოს და მომხმარებელი "ძველბიჭურად აკაჩავოს", - აღნიშნა კეპულაძემ.